Site icon Civil.ge

ბრიტანული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს 

ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი HMS Dragon-ი, ფოტო: facebook.com/ukingeorgia

ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი HMS Dragon-ი 15 ოქტომბერს ოთხდღიანი საპორტო ვიზიტით ბათუმს ეწვია. გაერთიანებული სამეფოს დელეგაციას ხომალდის მეთაური, ჯაილს პალინი ხელმძღვანელობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პორტში სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი,  რამაზ პაპიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრამველი დახვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ხომალდის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის (SEL-2) შეფასება.

ხომალდის მეთაურმა, ჯაილს პალინმა განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდის ვიზიტი ბათუმში ადასტურებს რეგიონის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას. „გვსურს, დავეხმაროთ, გაუმჯობესდეს შავი ზღვის მასშტაბით თავისუფალი მოქმედება და წვდომა“, – აღნიშნა მან.

ხომალდის ვიზიტს ბათუმში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც მიესალმა. საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული „უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია“.

ბათუმამდე სამხედრო ხომალდი საპორტო ვიზიტით ოდესას სტუმრობდა, სადაც უკრაინის საზღვაო ძალებთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარების მიზნით ერთი კვირა დაჰყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)