საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 ოქტომბრის გაცხადებით, „გადამზიდავი ქვეყნების პასუხისმგებლობაა სამოქალაქო ფრენები ხორციელდებოდეს ჩიკაგოს კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც კრძალავს სამოქალაქო ფრენების მიზანმიმართულად გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის“.
საგარეო უწყების განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 16 ოქტომბრის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ „საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში კონტრაბანდული იარაღი სამოქალაქო და სატვირთო თვითმფრინავებით გაგზავნეს“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის დაკეტილი აქვს, თუმცა სამოქალაქო და ჰუმანიტარული ფრენების თვალსაზრისით, „პირნათლად ასრულებს თავის საერთაშირისო ვალდებულებებს“.
„ასეთი ტიპის ფრენები არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვებს და სამოქალაქო ტიპის ფრენები საჰაერო სივრცეში ხორციელდება შეტყობინებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე“, – განმარტავენ საგარეო უწყებაში.
სამინისტროსვე განცხადებით, „დარღვევის აღმოჩენისა და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს მკაცრ რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)