არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) 20 ოქტომბრის განცხადებით, ორგანიზაციამ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა.
პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებაში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და 342-ე მუხლებით (სამსახურებრივი გულგრილობა) ითხოვს.
საკითხზე საუბრისას „საია“-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს როგორც იმ კომპანიის პასუხისმგებლობა, რომელმაც რესტავრაცია ითავა, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა. სალაძის თქმით, სააგენტომ 12-ე საუკუნის მონასტრის რესტავრაციის პროცესს სათანადო ზედამხედველობა არ გაუწია.
ქუთაისის მახლობლად მდებარე გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. მონასტრის სახურავის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. თუმცა, სავარაუდოდ, ხარვეზიანი გადახურვის გამო სახურავიდან ეკლესიაში წყალი ჟონავდა, რამაც შუასაუკუნოვანი ფრესკები დააზიანა.
ნახატების შენარჩუნების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ჯგუფ „საქართველოს მემკვიდრეობას“ დროებითი გადახურვის მშენებლობაზე ნებართვა მისცა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ICOMOS საქართველომ“, რომელიც მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მუშაობს, განაცხადა, რომ დროებითი გადახურვის პროცესი ძალიან გაჭიანურდა. „[ამასთან], დროებითი გადახურვის ასეთი მეთოდი ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას“, – დაამატეს ორგანიზაციაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ „გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს“ და ტაძარში წყლის ჩასვლისგან დაცვას „მაქსიმალურად უზრუნველყოფს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)