Site icon Civil.ge

ზატულინის თქმით, მოსკოვმა, შესაძლოა, საქართველოს საჰაერო სივრცით სომხეთში დესანტი გაგზავნოს

რუსეთის სახელმწიფო დუმა, ფოტო: facebook.com/dumagov/

რუსეთის დუმის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატმა, კონსტანტინ ზატულინმა რუსულ მედიასაშუალება NSN-თან საუბარში განაცხადა, რომ, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში საავიაციო დესანტი გაგზავნოს.

„თუ საჭირო იქნება, საქართველოს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ, რომ მან მშვიდად უნდა მიიღოს ის, რომ მისი საჰაერო სივრცის საშუალებით სომხეთში აუცილებელი ძალები და საშუალებები გაიგზავნება“, – აღნიშნა მანვე.

„ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა, რადგანაც ვხედავთ, რომ შეიარაღებული მებრძოლები მთელ კავკასიას ედებიან, რის გამოც რუსეთიც, საქართველოც და ყველა სხვა მხარე იზარალებენ“, – დაამატა ზატულინმა.

რუსმა დეპუტატმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი-ყარაბაღის გამო უკვე 26 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ერევანმა, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, შესაძლოა, რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, თუმცა სამხედრო ბლოკის ვალდებულება სომხეთთან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლას არ ითვალისწინებს.

ბოლოს, საქართველომ რუსეთს სამხედრო ტრანზიტისთვის ნებართვა, 2008 წლის ივლისში, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე მისცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)