ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საქართველო და უკრაინა ძალიან ღირებული პარტნიორები არიან“ მრავალი მიზეზის, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდის გამო.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნული მას შემდეგ განაცხადა, რაც „ინტერფაქს-უკრაინის“ ჟურნალისტმა ირინა სომერმა მას ჰკითხა იქნება, თუ არა გათვალისწინებული „ნატო 2030“-ის შემუშავების პროცესში ასპირანტი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს ინტერესები. სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ საკუთარი წინადადებების ნატოს წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებისთვის წარდგენამდე, იგი ორივე ქვეყანასთან კონსულტაციებს გამართავს.
„ისეთ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, დისკუსია და მათი მოსმენა, როგორებიც უკრაინა და საქართველო არიან, ნატოს 2030-ის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა მან.
„ნატო-2030 პროცესი“ ნატოს გენერალური მდივნის მიერ ივნისში წამოწყებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის განვითარებისა და კოორდინაციის, ისევე როგორც თანამედროვე სამყაროში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში ალიანსის ეფექტიანობის ამაღლების თაობაზე ხედვისა და რეკომენდაციების შემუშავებას. პროცესის მხარდამჭერია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საკუთარ ანგარიშს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დეკემბერში წარადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
- ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორობას გააღრმავებს
- სტოლტენბერგი: „საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას გავაგრძელებთ“
- სტოლტენბერგი შავ ზღვაზე საუბრისას საქართველოს „ახლო პარტნიორს“ უწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)