1995-2005 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტმა“, ვალერი არშბამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოკუპირებულმა რეგიონმა არჩევანი რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებაზე უნდა შეაჩეროს.
„აფხაზეთის ელიტამ, თავის ხალხთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და, საკუთარი სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე, რუსეთისა და ბელარუსის უკვე არსებულ სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებისთვის დაიწყონ მზადება“, – განაცხადა არშბამ გაზეთ „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ერის და აფხაზეთის სახელმწიფოს შემდგომი განადგურების პროცესში აღმოვჩნდებით ჩართულნი“, – დაამატა მან.
სტატიაში არშბამ ოკუპირებული აფხაზეთის მოქმედი „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის „მტრულ მეზობელთან – საქართველოსთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე“ ფიქრობს. არშბას თქმით, „ეს ძალიან სახიფათო და დამანგრეველი ნაბიჯია აფხაზეთისთვის“.
„ამ ძალებმა, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ აფხაზ ხალხს და მის სახელმწიფოებრიობას“ , – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)