Site icon Civil.ge

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები „შესანიშნავია“

ფოტო: president.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 23 ოქტომბერს ფრანგულ გაზეთ le Figaro-სთან ინტერვიუში თქვა – „საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები შესანიშნავია“.

„ერთმანეთს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ვუწოდებთ. აზერბაიჯანი საქართველოში პირველი თუ მეორე უმსხვილესი ინვესტორი და გადასახადის უმსხვილესი გადამხდელია“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ „საქართველო ქრისტიანული, ხოლო აზერბაიჯანი მუსლიმური სახელმწიფოა არაფერს ცვლის“. „ამას ამ კუთხით არ ვუყურებთ“, – თქვა მანვე.

„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვატარებთ საპრეზიდენტო სამიტებს, მინისტერიალებს, მათ შორის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების დონეზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის „მთელი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგოკომუნიკაციები საქართველოზე გადის“. „საქართველოში დიდი აზერბაიჯანული თემი გვყავს, დაახლოებით 300 000 ადამიანი“, – აღნიშნა მანვე.

„ისევე, როგორც თურქეთთან, საქართველოსთანაც ჩვენი ურთიერთობები კარგი მეზობლობის კარგი მაგალითია“, – ხაზი გაუსვა ალიევმა.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელებისა და სომხების თანაცხოვრებაზე საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა: „შეხედეთ როგორ ცხოვრობენ ისინი ერთად, მაგალითად, საქართველოში. ზოგიერთ ქართულ სოფელში აზერბაიჯანელები და სომხები გვერდიგვერდ ცხოვრობენ“. „რატომ არ არის ეს შესაძლებელი მთიან ყარაბაღში?“ – იკითხა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)