საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა, ბადრი ესებუაა.
შსს-ში ბრიფინგი თავდასხმიდან ხუთ დღეში, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა პირველმა დაასახელა.
დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ სამინისტროს მიერ ინფორმაციის დადასტურებამდე, „გარკვეული მედიასაშუალებები“ თავდამსხმელის ფოტოების გავრცელების გამო გააკრიტიკა.
გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინაობის დასახლების გარეშე, მხოლოდ ის თქვეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო.
გუშინვე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავმდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე იყო.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ვლადიმერ ბორცვაძემ ისიც თქვა, რომ მოცემული მომენტისთვის უწყება თავმდამსხმელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, მათგან 19 დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარს და უსაფრთხო დერეფანს ითხოვდა.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მას მერე, რაც თავდამსხმელს მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, მან მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლა და ბანკის შენობა 4 მძევალთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, რომელიც დამნაშავესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და სხვა მძევლებს სწორედ იგი ჩაენაცვლა.
5 დღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, სამართალდამცველებმა თავმდამსხმელი ამ დრომდე ვერ დააკავეს.
შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)