არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 26 ოქტომბერს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 1 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ორგანიზაცია აცხადებს, რომ სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, მათ შორის, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაციის განმარტებით, გამოძიება 59 საქმეზე იყო დაწყებული, მათგან 6-ზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განმარტებით, გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირი კრიტიკის ობიექტია. ანგარიშის თანახმად, შსს კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო ქონების დაზიანების შემთხვევების გამოძიების მხრივ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ანგარიშის თანახმად, წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც „მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი“, ვინაიდან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული რამდენიმე წევრი კანონის დარღვევით დაინიშნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპოზიციის, მათ შორის, ყოფილი მმართველი პარტიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებოდა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ „კარტოგრაფების საქმის“ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება.
შერჩევითი მიდგომის კონტექსტში, ორგანიზაცია საკანონმდებლო ინიციატივისთვის ხელმოწერების შესაგროვებლად კარვების განთავსებისთვის სტრატეგია აღმაშენებლის 100 000 ლარზე მეტით დაჯარიმებასაც იხსენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, პარტიის ქმედებები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს სრულად შეესაბამებოდა.
რაც შეეხება სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებას, ანგარიშის თანახმად, მიუხედავად გაუმჯობესებისა, საარჩევნო კანონმდებლობა კვლავ შეიცავს დებულებებს, რომლებიც მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება, მათ შორის, საარჩევნო კომისიების ფორმირების უსამართლო პროცედურა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „გარკვეული კითხვები გააჩინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ [კოვიდ-19-ით] ინფიცირებული პირების, ასევე, კარანტინში და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის რეგულირებამ“.
ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების თაობაზე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენებას.
შუალედური ანგარიშის თანახმად, წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება, ასევე „ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევას“. „ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებაზე საუბრისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ 2020 წელს არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსი. „რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია „კორონავირუსის“ გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 20-მდე სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა, რომლებსაც საარჩევნო გარემოზეც ექნებოდა დიდი გავლენა“, – ნათქვამია ანგარიშში.
საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საბოლოო ანგარიშს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქვეყანაში 2016-2020 წლების კორუფციულ გარემოს აფასებს
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2016-2020 წლებში ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე
- TI საქართველო „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთა სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატების შემოწირულებებსა და ბიზნესსაქმიანობაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)