Site icon Civil.ge

აფხაზური ენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სოხუმის კრიტიკა მოჰყვა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზური ენის საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

აღნიშნა რა, რომ „აფხაზური ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაშია შეტანილი“, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩემი და ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ აფხაზი ხალხის წინაშე არაა, აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ერთობლივი წარსულის, კულტურის, იდენტობის მიმართ არსებული მოვალეობაცაა, რადგან საქართველოს კულტურის უნიკალურობა და სიმდიდრე სწორედ ჩვენს ენობრივ მრავალფეროვნებაზე დგას“.

საპასუხო განცხადებაში ოკუპირებული რეგიონის „საგარეო უწყებამ“ აღნიშნა, რომ „აფხაზური ენის შენარჩუნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები საქართველოს ხელისუფლების მრავალწლიანი პოლიტიკითაა პროვოცირებული, რომელიც აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის, მისი კულტურული და ტრადიციული ფასეულობების განადგურებისკენ იყო მიმართული“.

„საქართველოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, არ ფიქრობს იმაზე, რომ აფხაზური ენის შენარჩუნებას, ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, ყველაზე კარგად აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის და აფხაზური ეთნოსის არსებობა უზრუნველყოფს“, – განაცხადა აფხაზეთის „საგარეო უწყებამ“.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)