Site icon Civil.ge

არჩევნებამდე 3 დღით ადრე პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა და წინასაარჩევნო პერიოდში „ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნა, შიშისა და პანიკის გავრცელება და დაძაბულობის გაღვივება“ დაგმო.

პრეზიდენტის თქმით, შეტევისა და „დისკრედიტაციის მცდელობების“ სამიზნეები ჯარი, სამართალდამცველები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები არიან. „ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდამსხმელზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე“. „მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ“, – დასძინა მანვე.

პრეზიდენტმა ზუგდიდში ჩატარებული „წარმატებული სპეცოპერაციისთვის“, რომელმაც „გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე“, სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და საზოგადოების თვალში „სამართალდამცველების პროფესიონალიზმის“ შელახვისკენ „მიზანმიმართული მცდელობები“ დაგმო. „[ეს] საბოლოოდ ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას“, – დაამატა ზურაბიშვილმა.

მიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სფეროს „ყველაზე ცნობილი და დაფასებული“ წარმომადგენლების „ლანძღვისა და დისკრედიტაციის“ მცდელობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები „მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას“ ემსახურება.

მიმართვის დასასრულს, პრეზიდენტმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ეს არის „საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტია“.

„წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“, – მოუწოდა მან მოქალაქეებს.

პრეზიდენტის მიმართვა ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციისა და ხელისუფლების მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის მიმართ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას მოჰყვა. 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. სამართალდამცველებმა ბანკზე თავდამსხმელის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)