საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 657 საარჩევნო უბანი დღეს, ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.
კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ცალკე, დამატებით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა. ცესკო-ს ინფორმაციით, ასეთ უბნებზე ხმის მიცემა უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა ცალკე, სპეციალური ჯგუფების მიერ მოხდება.
30 ოქტომბერს ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სია დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში მონაწილეობას სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს. ცესკოს მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარსა და საკარანტინო ზონაში მყოფთა რაოდენობა 7 150 შეადგენს.
არჩევნებში მონაწილეობას 50 საარჩევნო სუბიექტი, 48 პარტია, 2 ბლოკი და 30 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის 490 კანდიდატი იღებს.
31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, დღეს თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებიც მიმდინარეობს, ხოლო ხუთ მუნიციპალიტეტში – კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლაში და ქუთაისში დღეს ახალ მერებს აირჩევენ.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დღეს, ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)