Site icon Civil.ge

ქართულმა ოცნებამ გამარჯვება გამოაცხადა, ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შექმნის იმედი აქვს 

ქართული ოცნების ლიდერები მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ, ფოტო: ქართული ოცნების Facebook-ის გვერდიდან

ოთხი ტელეკომპანიის მიერ ეგზიტპოლების ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობენ, თავიანთ მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცეს.

მიუხედავად მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგებისა, ეგზიპოლების თანახმად, არჩევნებში ქართული ოცნება ლიდერობს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მნიშვნელოვნად უსწრებს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების – 55% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ კი – 23%.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალური ოფისის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს საპარლამენტო არჩევნებში მესამედ გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართველ ხალხს „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი“ მიულოცა და განაცხადა, რომ „ყველა იმ ქართველის მადლიერი ვართ, რომელთაც ჩვენი ერის მომავლის დაგეგმვას მისცეს ხმა. დღეს თქვენი გამარჯვების დღეა“.

„ჩვენს ევროპულ მომავალზე ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვიმუშავებთ“, დაწერა Twitter-ზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

იმავდროულად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები იზეიმეს. ამ უკანასკნელის თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 41%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 33% მიიღო.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მართალია, არჩევნებში ქართული ოცნება ლიდერობს, თუმცა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციური პარტიები შეძლებენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ეგზიტპოლებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „პროდასავლურმა ოპოზიციამ“ თბილისში და მთელ საქართველოში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ევროპულმა საქართველომ, რომელიც ეგზიტპოლის შედეგებით მესამე ადგილზეა, პრესკონფერენციაზე არჩევნების საკუთარი შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას ხმების 37.4%, ნაციონალურ მოძრაობას – 28.9%, ხოლო თვითონ 10% აქვს.

პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების ნახევარზე მეტი ვერ მოიპოვა და ხალხის მანდატი არ გააჩნია.

თუმცა, ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ასევე გააფრთხილა მხარდამჭერები, რომ ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ დასკვნებს და დასძინა, რომ გამოკითხულთა ნახევარმა თავი შეიკავა საკუთარი არჩევანის გამხელისგან, რაც, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ საბოლოო სურათი სრულიად განსხვავებული იქნება.

საარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)