საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, მოსახლეობას „მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს“.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ შეძლო არჩევნების ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით ჩატარება, რომელიც მეტწილად პროპორციული გახდა. „ეს დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ხოლო ახალი საარჩევნო კოდექსით, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია, უზრუნველყოფს პარლამენტის უფრო მეტ მრავალპარტიულობას და გაუმჯობესებულ გენდერულ ბალანს“, – აღნიშნა მან.
ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და მის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ასევე „ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო ადმინისტრაციაში ურთულესი პანდემიის პირობებში ზრუნავდა არჩევნების უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზე“.
„ჩვენ შევძელით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა. მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)