31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა თითქმის 2 მილიონმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო.
3 847 უბანი უკვეს სრულად დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48.15% (926 959 ხმა) მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი – 27.14% (522 463 ხმა). შემდეგ მოდიან ევროპული საქართველო – 3.78% (72 752 ხმა); ლელო საქართველოსთვის – 3.15% (60 691 ხმა); სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15% (60 592 ხმა); პატრიოტთა ალიანსი – 3.14% (60 493 ხმა); გირჩი – 2.89% (55 600 ხმა); ელისაშვილის მოქალაქეები – 1.33% (25 534 ხმა); ლეიბორისტული პარტია – 1% (19 281 ხმა). ქართული ოცნება 30-დან 14 მაჟორიტარულ ოლქშიც იმარჯვებს, ხოლო 16 ოლქში მეორე ტურები გაიმართება. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესის გარკვეული ელემენტები გააკრიტიკეს, თუმცა მთლიანი პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ.
ქვემოთ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებია მოცემული.
აშშ-ის საელჩო თბილისში
აშშ-ის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ „ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არა მკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“.
საელჩომ სთხოვა საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი კვლავ ზედმიწევნით დააკვირდება მოვლენათა განვითარებას დარჩენილი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მეორე ტურის დღეს“.
საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნებზე დაყრდნობით, ევროკავშირი აცხადებს, „კვლავ მთავარია მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით, ისევე როგორც ყველა საჩივრისა და აპელაციის სამართლიანი, გამჭვირვალე და საგულდაგულო განხილვა“.
გაერთიანებული სამეფო, მინისტრი უენდი მორტონი
დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უენდი მორტონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნებს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ხოლო თავისუფლებების პატივისცემა უზრუნველყოფილი, მიუხედავად ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ბრალდებებისა. „ახლა მოვუწოდებთ, რომ კენჭისყრის მეორე ტური სამართლიანად და კანონიერად ჩატარდეს, საქართველოს გლობალური მისწრაფებების შესაბამისად“, – დასძინა მან.
ან ლინდე – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„როგორც საქართველოს მეგობარი, შვედეთი არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებებს იზიარებს. მათში აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ფუნდამენტური თავისუფლებები კი დაცული. ვიმედოვნებთ, რომ ყველა საჩივარზე მოხდება სამართლიანი, გამჭვირვალე და მკაცრი რეაგირება“, – წერს ლინდე Twitter-ზე.
As friends of Georgia, 🇸🇪 stands by the statements by 🇪🇺 & OSCE/ODIHR on the elections in Georgia. The statements note that the elections were competitive and that, overall, fundamental freedoms were respected. We expect a fair, transparent and rigorous handling of all complaints
— Ann Linde (@AnnLinde) November 3, 2020
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო არჩევნების შესახებ
„ლატვია მიესალმება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას საქართველოში. არჩევნები კონკურენტული იყო, ხოლო ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული. კოვიდ-19-ის პანდემია გამოწვევა იყო, რომელიც გადაილახა. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციები 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურის დროს შესრულდება“, ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები „კონკურენტული იყო, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა დაცული, ხოლო დემოკრატიული სტანდარტები გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებსა და ინციდენტებს, რომელთა გამოძიებისკენაც მოვუწოდებთ“. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს და ცესკოს მეორე ტურისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების შენიშვნები გაითვალისწინონ და დარწმუნდნენ, რომ „არჩევნები და მომავალი შედეგები ეჭვებს არ აღძრავს“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, ხოლო ფუნდამენტური თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდარტები დაცული.
განცხადება ყურადღებას ამახვილებს „შემაშფოთებელ ინფორმაციაზე“ უკანონობისა და დარღვევების შესახებ, რომლებიც „2016 წლის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების რიცხვს აღემატებოდა“. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველა საჩივარი გამოიძიონ „ინსტიტუციური პროცესის სათანადო პატივისცემით“. „ეს საარჩევნო პროცესის მიმართ გამჭირვალობას და ნდობას გაზრდის, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურის წინ“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის წარმატების მომტანი იქნება. „გვიხარია, რომ არჩევნებმა მშვიდობიან და მშვიდ გარემოში ჩაიარა ქვეყნის მასშტაბით“, – აცხადებს სამინისტრო.
წამყვანი ევროპარლამენტარები საქართველოს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე წამყვანმა ევროპარლამენტარებმა, მათ შორის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელია, ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა და გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მეორე ტურების წინ სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ეს არჩევნები მიჩნეულ იქნა კონკურენტულად და თავისუფლებებიც, საერთო ჯამში, დაცული იყო, თუმცა იყო სავალალო შემთხვევები, რომლებიც უკავშირდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლას და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლას კამპანიის მსვლელობაში და არჩევნების დღეს. კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ , რამაც ამომრჩევლებს სხვადასხვა პარტიებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. სამოქალაქო საზოგადოების ინტერესისა და ჩართულობის დონეც ამ არჩევნების პოზიტიური მახასიათებელია. საჭიროა მოგვარდეს კამპანიის დაფინანსების საკითხი ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.
„მივესალმებით, რომ გამოინახა პრაგმატული გამოსავალი, რათა კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სპეციალურ უბნებზე მიეცათ ხმა, რაც დემოკრატიულ და ჯანდაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი კომპრომისი იყო“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა და დასძინეს – „ძალიან ვწუხვართ, რომ ოკუპირებული რეგიონების მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება“.
„დღეს, პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურამდე, ჩვენ სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ. ყველა საჩივარი, რომელიც დეტალურად იქნება დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული, სამართლიანად, გამჭირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული“, – დასძინეს მათ.
ევროპელი სოციალისტების პარტია
ევროპელი სოციალუსტების პარტიამ, სადაც ქართული ოცნება დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობს, განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „არჩევნებზე მაღალი აქტივობა გაზრდილი დემოკრატიის დასტურია“. პარტია იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ დასკვნებს 31 ოქტომბერის არჩევნების შესახებ, რომლის თანახმადაც, არჩევნები კონკურენტული იყო, ხოლო ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული.
„საქართველომ ასეთ რთულ დროს ძალიან კონკურენტული არჩევნები ჩაატარა. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა ევროატლანტიკური კურსის გაგრძელება არჩია. საარჩევნო კანონმდებლობაში არჩევნებამდე შეტანილმა ცვლილებებმა საარჩევნო პროცესი უფრო ინკლუზიური და გამჭირვალე გახადა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო განაგრძოს ამ კურსს მეორე ტურის შემდეგაც“, – განაცხადა პარტიის პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა ცალკე გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ მართალია არჩევნები კონკურენტული და, ზოგადად, თავისუფალი იყო, „სამწუხაროა, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებზე ზეწოლას“. მან ასევე დასძინა, რომ „ადმინისტრაციულ და, კერძოდ, ფინანსურ რესურსებზე უთანასწორო წვდომა დემოკრატიას ძირს უთხრის“.
გაგრძელება იქნება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)