ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ოთხმა ევროპარლამენტარმა, მათ შორის დევიდ მაკალისტერმა, მარინა კალიურანდმა, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მეორე ტურის წინ სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ „ყველა საჩივარი, რომელიც დეტალურად იქნება დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული“.
„ეს არჩევნები მიჩნეულ იქნა კონკურენტულად და თავისუფლებებიც, საერთო ჯამში, დაცული იყო, თუმცა იყო სავალალო შემთხვევები, რომლებიც უკავშირდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლას და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლას კამპანიის მსვლელობაში და არჩევნების დღეს“, – აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ“ და რომ „სამოქალაქო საზოგადოების ინტერესისა და ჩართულობის დონეც ამ არჩევნების პოზიტიური მახასიათებელია“. დადებითად შეფასდა ის „პრაგმატული გამოსავალი“, რომ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სპეციალურ უბნებზე მიეცათ ხმა.
ოთხმა ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ მედიისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე, ასევე კამპანიის დაფინანსების საკითხი პრობლემატურად შეაფასა.
პარლამენტარებმა წუხილი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ „ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება“.
„მოუთმენლად ველით ახლადარჩეულ პარლამენტთან შემდგომ თანამშრომლობას საქართველოს მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)