Site icon Civil.ge

რა მოხდა: თავდასხმა ვენაზე

პოლიცია ვენის ქუჩებში. ფოტო: stern.at

2 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ვენის რამდენიმე ცენტრალურ ადგილზე სროლის ხმა გაისმა. ავსტრიულმა პრესამ კი მალე იმის შესახებ გაავრცელა ცნობები, რომ თავდასხმა მოხდა ზაითენშთეთერგასეზე (Seitenstättergasse) მდებარე სინაგოგასთან ახლოს.

რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული აღნიშნული ფაქტიდან, რომ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანდა, რომ თეთრ ტანისამოსში ჩაცმული, შეიარაღებული პირი, ვენის ქუჩებში გადაადგილდებოდა და გამვლელებს იარაღს დამიზნებით ესროდა, მათ შორის, ბარებსა და კაფეებში მსხდომ ვენელებს. შეშინებული ხალხი კორპუსებსა და იქვე მიმდებარე შენობებს აფარებდა თავს.

ცოტა ხანში ვენის პოლიციამ შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და მოსახლეობას მოუწოდა გარეთ გამოსვლისგან თავი შეეკავებინათ. პოლიციამ ასევე ითხოვა, თავდასხმის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც სოციალურ ქსელში არ გაევრცელებინათ, რათა გამოძებას ხელი არ შეშლოდა.

ის ადგილები, სადაც სროლა ისმოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  თავდამსხმელები ვენის ცენტრში იყვნენ თავმოყრილნი. გასროლების ხმა 6 ადგილზე, ერთმანეთისაგან საკმაოდ ახლოს გაისმა, ამდენად, ჩანს, საუბარია ერთ შეტევაზე, რომლის დროსაც ტერორისტების ჯგუფი გადაადგილდებოდა და არა – ექვს ცალკეულ შეტევაზე სხვადასხვა ჯგუფის მიერ. შუაღამისას გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ერთმა ტერორისტმა გაქცევა მოახერხა და მოქალაქეებს მეორე დღესაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ტერორისტთა შეპყრობის ოპერაციაში ერთდროულად რამდენიმე ასეული პოლიციელი და სპეციალური დანაყოფი მონაწილეობდა, მათ შორის „ვეგა“ და „კობრა“, რომელთაც ავსტრია განსაკუთრებულ შემთხვევეში რთავს ხოლმე დამნაშავეთა დევნის პროცესში. ავსტრიას შესაბამისი ძალებით დახმარება შესთავაზეს უნგრეთმა და გერმანიამაც. ტერორისტული ფაქტიდან უკვე რამდენიმე საათია გასული და ამ დრომდე უცნობია, თუ რა იყო თავდამსხმელთა ზუსტი  მოტივი.

მთელი ღამის განმავლობაში განსხვავებული ცნობები ვრცელდებოდა დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ. უახლოესი მონაცემებით, ეს იყო ისლამისტი ტერორისტების თავდასხმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. დაღუპულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგანაც ორი თავდასხმის ადგილზე დაიღუპა, ორი კი მიღებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოკლულია ერთი თავდამსხმელი. დაჭრილია 14 ადამიანი, მათგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორისაა ერთი პოლიციელიც, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა.

თავდამსხმელის შესახებ

3 ნოემბრის დილას ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელე მოკლული თავდამსხმელის შესახებ. ის 20 წლისაა, ეთნიკურად ალბანელი, ჰქონდა ავსტრიისა და ჩრდილო მაკედონიის ორმაგი მოქალაქეობა. 2019 წლის აპრილში 22 თვით პატიმრობა მიესაჯა, რადგან შეეცადა “ისლამურ სახელმწიფოს” შეერთებოდა სირიაში. საპატიმრო ადრე პირობით ადრე დატოვა, ახალგაზრდა ასაკის გამო გათვალისწინებული შეღავათებიდან გამომდინარე. პოლიციის თქმით გაჩხრეკილია მისი სახლი, სადაც იპოვეს “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული მასალები. პრესის ინფორმაციით, შეტევის წინ მან ინსტაგრამზე დადო სურათი იმ იარაღით, რომელიც თავდასხმისას გამოიყენა.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი თავდამსხმელი მონაწილეობდა შეტევაში. პოლიციის თქმით, როგორც მინიმუმ ერთი ჯერ კიდევ იმალება. დღეს ჩხრეკა ჩატარდა ვენაში 15 ადგილას და კიდევ ორ ბინაში ვენის ერთ-ერთ გარეუბანში. პოლიციის ცნობით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ავსტრია და ტერორიზმი

ავსტრიისთვის მსგავსი ფაქტები საკმაოდ უცხოა, ბოლო შეიარაღებული შეტევა, რომელსაც ქვეყანაში მსხვერპლი მოჰყვა 35 წლის წინ მოხდა. მაშინ ვენის აეროპორტში პალესტინური რადიკალური დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ისრაელის ავიახაზების წარმომადგენლობას, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა და 38 დაშავდა. თავდამსხმელთაგან ერთი ამ დრომდე ავსტრიულ საპატიმროშია. ვენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება და ინფორმაცია ტერორისტული აქტის შესახებ მოსახლეობისთვის მოულოდნელი იყო.

ვენის სინაგოგის შესასვლელი, რომელთან ახლოსაც სროლა პირველად გაისმა

სინაგოგა, რომელიც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ, ერთხელ უკვე იყო თავდასხმის მსხვერპლი, კერძოდ 1981 წელს. მაშინ ორი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ფორმა მაშინდელ ტერორისტულ აქტსაც დაახლოებით ისეთივე ჰქონდა, როგორ გუშინ – შეიარაღებული ორი პირი სინაგოგაში შევარდა და ხალხს მიზანმიმართულად ესროდა. მსხვერპლის რაოდენობა ბევრად მეტი იქნებოდა, რომ არა პოლიციელები, რომლებიც მაშინ სრულიად შემთხვევით სინაგოგის შესასვლელში იდგნენ. ორივე თავდამსხმელი პალესტინური წარმომავლობისა იყო და ერთ-ერთი მათგანი ახლაც ავსტრიულ საპატიმროშია.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე, 1979 წელს კიდევ ერთ ტერორისტულ აქტს ჰქონდა ადგილი, როცა ამავე სინაგოგის ეზოში უცნობი ნივთიერება აფეთქდა. არავინ დაშავებულა, მაგრამ აფეთქების სიძლიერემ იქაურობა საკმაოდ დააზიანა.

აღნიშნული ორი შემთხვევის შემდეგ სინაგოგას დღემდე იცავს ვენის პოლიცია. უცნობია , იმყოფებოდნენ პოლიციელები თუ არა სინაგოგათან გუშინდელი თავდასხმის დროსაც.

წლების განმავლობაში, ავსტრიის დედაქალაქში მდებარე ეს სინაგოგა ვენის ებრაული თემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოდ ითვლებოდა. სინაგოგის შესასვლელში კი აღმართულია სპეციალური დაფა, რომელიც ნაციონალ-სოციალისტების მიერ მოკლულ 65.000 ავსტრიელ ებრაელს გვახსენებს. პოლიციის თქმით, ჯერაც არაა ნათელი, იყო თუ არა სინაგოგა შეტევის სამიზნე.

საზოგადოებრივი ინტერესი და პრესასთან ურთიერთობა

ტერორისტული შეტევა ვენაში უჩვეულო ამბავია და სოციალურ მედიაშიც მიმდინარე მოვლენებისადმი ინტერესი მაღალი იყო. დღეს დილით პოლიციამ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ძირითადად გაითვალისწინეს პოლიციის მოწოდებები, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავეს ვიდეო და ფოტო მასალების გავრცელებისაგან, რომელსაც შეეძლო ან პანიკა შეექმნა ანდა პოლიციისათვის მუშაობაში ხელი შეეშალა.

ვენის მოსახლეობამ დიდი სოლიდარობა გამოავლინა ერთმანეთის მიმართ, ისინი საკვებს, სასმელს და საკუთარ სახლში შეფარებას სთავაზობდნენ მათ, რომლებიც ცენტრალური უბნების კაფეებსა და რესტორნებს აფარებდნენ თავს.

რამდენიმე ტელეკომპანია საღამოს 8 საათიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა მიმდინარე მოვლენებს, ისე რომ ერიდებოდა გადაუმოწმებელი ფაქტების გაჟღერებას. ერთ-ერთ მათგანში გასულ სიუჟეტში თვითმხილველი აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელი თურქულ ენაზე ყვიროდა, ამას კი ავსტრიაში მცხოვრები თურქების მხრიდან სოციალური ქსელში ერთგვარი აქცია მოჰყვა, ისინი პოსტავდნენ მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს: „მე ვარ თურქი და ვგმობ ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს“. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ ერთ-ერთი თურქული წარმოშობის ვენელი პირიქით, დაჭრილ პოლიციელს ეხმარებოდა და მეგობარს უხმობდა მისაშველებლად.

თვალშისაცემი იყო პოლიციის მუდმივი კონტაქტი პრესასთან და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე კანცლერის და მთავრობის სხვა წარმომადგენლების ხშირი პირდაპირი ეთერები და განცხადებები, რომლებიც ძირითადად ხალხის დამშვიდებას ისახავდა მიზნად.

გამთენიისას მედიაში გავრცელდა თავდამსხმელის ვიდეო, რომელიც იარაღით ხელში ღვთიურ ომზე საუბრობდა, მაგრამ პოლიციამ საზოგადოებას მოუწოდა, მათი ოფიციალური განცხადების გარეშე არ მოახდინონ თავდამსხმელის იდენტიფიცირება.

შეფასებები

შუაღამისას, 12 საათისთვის, ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან ქურცმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული ჯგუფი საკმაოდ კარგად მომზადებული იყო და ერთმნიშვნელოვნად შეაფასა თავდასხმა, როგორც ტერორისტული აქტი. მან მოსახლეობას მოუწოდა, მეორე დღეს, სახლიდან გასვლამდე გადაემოწმებინათ ოფიციალური ინფორმაცია და მიჰყოლოდნენ პოლიციის რჩევას.

ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე გერმანულად დაწერა, რომ ფრანგები იზიარებენ ავსტრიელთა მწუხარებას. მან ხაზი ევროპის მთლიანობას გაუსვა და აღნიშნა, რომ ჩვენმა საერთო მტრებმა უნდა კარგად იცოდნენ, თუ ვისთან აქვთ საქმე, ჩვენ არაფერს დავთმობთო.

ემანუელ მაკრონის ტვიტერ-განცხადება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ ის შოკირებულია მომხდარით.  მანაც ევროპის სოლიდარობას გაუსვა ხაზი და დაწერა, ევროპა უფრო ძლიერიაო, ვიდრე – სიძულვილი და ტერორიზმი.

იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მწუხარება გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო და განაცხადა, რომ ერთიან ევროპულ სახლში, სიძულვილისა და ძალადობისთვის ადგილი არ მოიძებნება.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი თავისი ბოლო პრესკონფერენციაზე ავსტრიელებს მიმართა და სიტყვა ასე დაასრულა: „თავდასხმა ერთ ჩვენგანზე, ნიშნავს თავდასხმას ყველა ჩვენგანზე“.