Site icon Civil.ge

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო 40 000-ით გაუზარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ნიკა მელია, ფოტო: კადრი საქართველოს პარლამენტის ვიდეოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 3 ნოემბერს გამართულ სხდომაზე პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნიკა მელია გირაოს თანხა 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაუზარდა და სამართალდამცველი უწყების ნებართვის გარეშე საზღვრის კვეთა აუკრძალა. პროკურატურა 100 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების მოთხოვნით, დღეს, მას შემდეგ მიმართა, რაც  მელიამ 1 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.

საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საჭიროება ბრალდებულის ქცევამ განაპირობა. მისი თქმით, რადგანაც მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური შეგნებულად „მოიხსნა და მოიშორა“, დღის წესრიგში უფრო „მკაცრი“ ღონისძიების გამოყენების საჭიროება დადგა.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა „ლოგიკას და სამართლებრივ დასაბუთებულობას არის აცდენილი“.

ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის 50 დღიანი ვადა აქვს. ადვოკატის თქმით, მელია თანხის გადახდას არ გეგმავს. დილით მედიასთან საუბარში, ნიკა მელიამ ისიც თქვა, რომ იგი სამაჯურის ტარებას აღარ აპირებდა.

საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ 2019 წლის 25 ივნისს პარლამენტს მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მისაღებად მიმართა. მომდევნო დღეს პარლამენტმა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 27 ივნისს კი, საქალაქო სასამართლომ დეპუტატი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

2019 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა და პროკურატურას დეპუტატის გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, რისთვისაც მელიას სპეციალური სამაჯური დაუმაგრეს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)