Site icon Civil.ge

„საია“ 38 უბნის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ, ჯამში 109 უბანთან მიმართებით წარდგენილი საჩივრებიდან სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს.

6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, „საია“ განმარტავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის საჭირო შემჭიდროებული დროისა და რესურსის გამო ორგანიზაციამ სასამართლო დავისთვის პრიორიტეტი ისეთ ოლქებს მიანიჭა, სადაც ჯამში მეტი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი.

„საია არ განაგრძობს დავას იმ ოლქებთან მიმართებით, სადაც გასაჩივრებული იყო ძირითადად მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები და წინასწარი მონაცემებით, გასაჩივრებული ოქმების გაბათილებას არ შეუძლია გავლენის მოხდენა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე“, – დასძენენ ორგანიზაციაში.

„საია“-ს ცნობით, საოლქო კომისიებში წარდგენილი 109 საჩივრიდან – 19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა, გადაითვალა და 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები დაზუსტდა; 2 უბანთან მიმართებით მოთხოვნა თავად ორგანიზაციამ მოხსნა; 9 უბანთან მიმართებით მოთხოვნა საჩივრის ელექტრონული ფორმით ჩაბარების გამო განუხილველი დარჩა; 79 უბანთან მიმართებით კი – „საია“-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა ან/და განუხილველი დარჩა.

„საია“-ს შეფასებით, მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღებოდა არათანამიმდევრულად და დაუსაბუთებელად“.

„საია“ მიიჩნევს, რომ ცესკომ „ვერ გაიაზრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე და არ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა“. ორგანიზაცია მოუწოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, „საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალონ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)