საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 1 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის ფაქტზე „კონკრეტული პირების მიერ, რომლებიც [31 ოქტომბრის] საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა“.
სუს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს და რომელიც სასჯელად ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ ზემოხსენებული ხელისუფლების დამხობის მოსურნე „კონკრეტული პირები“, „ყოფილი სამართალდამცველი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს“.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას წინ უძღოდა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით „რევოლუციურ სცენარს“ ამზადებდა. კობახიძის თქმით, ამ გეგმის უკან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გადამდგარი გენერალი დევი ჭანკოტაძე იდგნენ.
უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი კობახიძე 5 ნოემბერს გამოკითხა, რა დროსაც მან საგამოძიებო ორგანოს სავარაუდო შეთქმულებაში მონაწილეთა სავარაუდო სია მიაწოდა.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადების პარალელურად, 6 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედმა“, უკრაინულმა ვებგვერდზე განთავსებული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის მე-16 ნომერი გუბაზ სანიკიძე არჩევნების „გაყალბების“ წინააღმდეგ ოპოზიციის პროტესტის ფონზე, ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების საჭიროებაზე საუბრობენ. ჩანაწერის ნამდვილობა დადასტურებული არ არის.
2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელისუფლების დამხობის მცდელობის გამოძიება უკვე მეოთხედ დაიწყო, თუმცა პოლიტიკურ ბრალდებებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია და ამ დრომდე არავინ დასჯილა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)