Site icon Civil.ge

შსს-მ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოსყიდვისა და ზეწოლის საქმეზე ორი პირი დააკავა

საარჩევნო უბანი, 31 ოქტომბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 ნოემბრის განცხადებით, სამართალდამცველებმა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილისთვის ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.

43 წლის გობეჯიშვილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე, 7 ნოემბერს, დილით, არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის ფონზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები გიბეჯიშვილს შეხვდნენ და მას ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და არჩევნების „თითქოსდა“ გაყალბების შესახებ განცხადების გაკეთება შესთავაზეს.

უწყებისვე განმარტებით, მას შემდეგ, რაც დაკავებულებმა გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და შეთავაზებაზე დათანხმებას აიძულებდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის (I ნაწილი), 151-ე (II ნაწილი) და 150-ე (II ნაწილი) მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებასა და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს. აქედან პირველი ორი მუხლი სასჯელის მაქსიმალურ ზომად 3 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას მესამე მუხლი კი – 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)