ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას თანაშემწემ, ახრა ავიძბამ 9 ნოემბერს თანამდებობა დატოვა.
თანამდებობს დატოვების შესახებ განცხადებაში ავიძბა წერს, რომ მისი გადაწყვეტილება განპირობებულია „საერთო საქმეში რწმენის დაკარგვით და იმ პოლიტიკურ გუნდში, რომელიც საკუთარ დეკლარაციულ განცხადებებს ეწინააღმდეგება, ჩემი მუშაობის მიზანშეუწონლობით“. ავიძბამ „პოლიტიკური გუნდი“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან არ განახორციელა „საჭირო ქმედებები ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სახელმწიფოს განვითარების მიზნით“.
ავიძბამ საზოგადოების ყურადღება გასულ კვირას მიიპყრო, როდესაც განაცხადა, რომ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები მთიან ყარაბაღში საბრძოლველად მიემგზავრებოდნენ.
34 წლის ავიძბა ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ ივნისში დაინიშნა. მისმა სახელმა სოხუმში იანვრის არეულობების დროსაც გაიჟღერა, რის შედეგადაც ყოფილმა „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა. ავიძბა ოპოზიციის მხარდამჭერების ჯგუფს უძღვებოდა, რომელმაც 9 იანვარს ხაჯიმბას „რეზიდენცია“ შტურმით აიღო.
ავიძბა 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მას მეტსახელად „აფხაზი“ შეარქვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)