Site icon Civil.ge

ყარაბაღის ომი სრულდება – ზავს რუსეთის ჯარი გააკონტროლებს

Nagorno Karabakh frontline. Photo via 112.international

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ განცხადებას მოაწერეს ხელი, რამაც მთიანი ყარაბაღისთვის გაჩაღებული 6 კვირიანი საომარი მოქმედებები დაასრულა. ყარაბაღში უკვე შედის რუსი მშვიდობისმყოფელების პირველი კოლონა – მხარეები მორიგდნენ, რომ რეგიონში ჩრდილოელი მეზობლის 1960 მშვიდობისმაძიებელი ჩადგება.

შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს კელბაჯარის რაიონი 15 ნოემბერს, აღდამის რაიონი – 20 ნოემბერს, ლაჩინის რაიონი კი 1 დეკემბერს უნდა დაუბრუნოს.

სომხების კონტროლის ქვეშ რჩება 5 კმ სიგანის ლაჩინის კორიდორი, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. თუმცა, კორიდორზე მდებარე ქალაქ შუშას/შუშის, რომელიც ორივე ერისათვის სათაყვანებელ ადგილს წარმოადგენს, ახლახან მოპოვებულ კონტროლს აზერბაიჯანი შეინარჩუნებს.

სომხები ინარჩუნებენ კონტროლს ყარაბაღის უმთავრეს ქალაქ სტეფანაკერტზე/ხანკენდიზე, რომლის სომხეთთან დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორზე ახალი გზა უნდა აშენდეს. ამ უმთავრესი მონაკვეთის გასწვრივ რუსი მშვიდობისმაძიებლები ჩადგებიან.

შეთანხმება დევნილების დაბრუნებასაც ეხება. უშუალოდ მთიან ყარაბაღსა და სომხების მიერ აქამდე დაკავებულ გარშემო რაიონებში დევნილების დაბრუნება ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

მხარეები ასევე თანხმდებიან ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზეც.

მნიშვნელოვანი პუნქტი ეხება ნახიჭევანსაც, რომელსაც დანარჩენი აზერბაიჯანისაგან გეოგრაფიულად სომხეთი ჰყოფს. შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან, ტრანსპორტზე მეთვალყურეობა კი რუსეთმა უნდა გასწიოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ნახიჭევანის ჩანაწერი შეთანხმებაში მისი პირადი მეცადინეობით მოხვდა.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ყარაბაღში მშვიდობისმყოფელთა ცენტრი უნდა გაიხსნას, რომელშიც რუსებთან ერთად თურქი სამხედროებიც შევლენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეთანხმება „ისტორიული მნიშვნელობისად“ და „სომხეთის კაპიტულაციად“ შერაცხა.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა კი თქვა, რომ სომხებს განცხადებაზე ხელისმოწერის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ. მისი თქმით, ერევანმა გადაწყვეტილება ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო მიიღო და დაამატა, „ჩვენ ტერორისტების, აზერბაიჯანისა და ნატოს ერთ-ერთ საუკეთესო თურქული არმიის წინააღმდეგ ვიბრძოდითო.“

„ეს გამარჯვება არ გახლავთ, თუმცა დამარცხებულიც მანამ არ ხარ, სანამ ასეთად არ მიიჩნევ თავსო“, დააყოლა სომხეთის ლიდერმა.

თავის მხრივ, ყარაბაღის არაღიარებულმა პრეზიდენტმა არაიკ ჰარუტიუნიანმა თქვა, რომ შეთანხმებას მანაც აუნთო მწვანე, რათა „ომი რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყოო“.

სანამ ბაქოში საზეიმო განწყობა სუფევდა, ერევანში შეთანხმებით განრისხებული სომხები ქუჩაში გამოვიდნენ. ასობით მომიტინგე პარლამენტსა და მთავრობის სასახლეში შეიჭრა.

ფაშინიანმა თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში შეჭრილებს მკაცრად დასჯიან.