რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმებით მოიგო აზერბაიჯანმა, მოიგო მისმა მოკავშირე თურქეთმაც. სომხეთს, წაგების მიუხედავად, აქვს იმის პოტენციალი, თუ მისმა ელიტამ ივარგა, რომ სტრატეგიული პერსპექტივის გაფართოებად შემოატრიალოს ეს მარცხი, განამტკიცოს სომხეთის შიდა სუვერენიტეტი და დემოკრატია. ამასთან, სომხეთი ინარჩუნებს სტეფანაკერტზე (ხანკენდიზე) გავლენის პერსპექტივასაც.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ განცხადებას მოაწერეს ხელი, რამაც მთიანი ყარაბაღისთვის გაჩაღებული 6 კვირიანი საომარი მოქმედებები დაასრულა. სომხეთის მიერ დაკავებული შვიდი რაიონი აზერბაიჯანს უბრუნდება. შეხების ხაზსა და ყარაბაღის სომხეთთან კავშირის უზრუნველმყოფ ლაჩინის კორიდორს რუსი სამხედროები დაიცავენ. მხარეები მორიგდნენ, რომ რეგიონში რუსეთის 1960 ჯარისკაცი ჩადგება.
მიუხედავად ამისა, კონფლიქტის შეწყვეტით ჩნდება შანსი, რომ არა თუ სომხეთზე, არამედ აზერბაიჯანზეც და მთელს სამხრეთ კავკასიაზეც რუსული რევიზიონისტულ-იმპერიული პოლიტიკის სუსხი შესუსტდეს. კონფლიქტის ასეთი დასასრული აზერბაიჯანს მორალურ კმაყოფილებას ანიჭებს ისე, რომ სომხეთისათვის მთავარი წითელი ხაზი არ გადაკვეთილა. რუსეთის გავლენის ბერკეტები თვისობრივად არ გაზრდილა, აზერბაიჯანმა უფრო თავისუფლად იგრძნო თავი, ხოლო სომხეთმა რუსეთთან ზედმეტად მჭიდრო კავშირის საფრთხე ნათლად დაინახა. რეგიონში უფრო მყარი მშვიდობა კი უფრო დინამიური ეკონომიკის საფუძვლად შეიძლება იქცეს.
მორალური კმაყოფილება და სახის შენარჩუნება
კონფლიქტში მორალური დაკმაყოფილება მატერიალურზე არანაკლები მნიშვნელობისაა. აზერბაიჯანმა გაათავისუფლა ოთხი რაიონი და დაიკავა შუშა. შეთანხმებით, რომელსაც პუტინმა უმასპინძლა, სომხეთი დანარჩენი ოკუპირებული რაიონებიდანაც გადის – ლაჩინსაც თმობს და აგდამსაც. აზერბაიჯანი მორალურ კმაყოფილებას უნდა გრძნობდეს, რაზეც ბაქოს ქუჩებში არსებული განწყობაც მეტყველებს.
სომხეთი ინარჩუნებს იმას, რაც მისთვის მთავარი ინტერესის საგანი უნდა იყოს – სტეფანაკერტში და მთიანი ყარაბაღის დღემდე სომხური ძალების ხელში არსებულ ტერიტორიაზე მისი კონტროლი გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, შუშის აღების შემდეგ აზერბაიჯანს გადამწყვეტი ტაქტიკური უპირატესობა ჰქონდა თავად ყარაბაღზე შეტევისათვის.
ბუნებრივია, ერევანში მომხდარი დამარცხებად აღიქვეს. გავეშებულმა ახალგაზრდებმა პარლამენტის სპიკერი მოიგდეს ხელში და ის ახლა საავადმყოფოშია. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანსა და სომხურ ელიტას აქვს შანსი დაარწმუნოს ხალხი, რომ ამ ვითარებაში, აზერბაიჯანთან და, როგორც თავად ამბობენ, თურქეთთან ბრძოლაში მათ მთავარი შეინარჩუნეს. თუკი ერევანში ვითარება მთავრობის კონტროლიდან არ გამოვიდა, ამ საფუძველზე თავისუფლად შეიძლება გმირობისა და შეუპოვრობის ნარატივი დაიწეროს. შესაბამისად, არის ნიადაგი ორივე მხარის კმაყოფილებისათვის
მატერიალური ფაქტორი
თუ ყველაფერი, რაც შეთანხმდა, შესრულდა, სომხეთის ნახევარბლოკადა ისტორიას ბარდება. აღდგება კომუნიკაცია როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან. სომხეთიც ხდება დასავლეთ-აღმოსავლეთის ხიდი და აქედან მომდინარე კომერციული სარგებლის მიღებაც შეუძლია.
დამატებითი კავშირების შექმნა არც საქართველოსათვისაა საზიანო. პირიქით, გაცილებით იზრდება იმის ალბათობა, რომ ევრო-ამერიკული ფონდების დახმარებით ერთობლივ რეგიონალურ პროექტებზე მოხდეს კონცენტრირება. სამხრეთ კავკასიის ერთიანი ბაზრის პირობებში საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციები რეგიონის ყველა ქვეყანას გაეზრდება.
სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი
შეთანხმებით, რუსი სამშვიდობოები იქნებიან გამყოფი ძალა სტეფანაკერტსა და ლაჩინის დერეფანში. აქამდე რუსეთი სომხეთს სრულად აკონტროლებდა სამხედრო ბაზით, ირანის საზღვარზე მდგომი მესაზღვრეებით, სპეცსამსახურებითა და გაზპრომთან დადებული კაბალური ხელშეკრულებით.
თუ ომი დასრულდა, ევროპულად და ნაციონალისტურად განწყობილ სომხურ საზოგადოებას სცილდება რუსული ვასალიტეტის გარდაუვალი ტვირთი, რაც აზერბაიჯანის და თურქეთის შიშით იყო განპირობებული. მშვიდობიანობისას სომხები გარდაუვლად იზრუნებენ თავის სუვერენიტეტზე და როცა ამის დრო მოვა, მოითხოვენ რუსული ბაზის დახურვას, მათი მესაზღვრეების გასვლას. დროის ამბავია, ისევე, როგორც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილის გამოხატვა.
აღარც აზერბაიჯანს რჩება დიდი სტიმული, რომ ევროპა-ამერიკას გაებუტოს და რუსეთის კეთილგანწყობა ეძებოს: მან ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნა. უშუალოდ სტეფანაკერტი კი – ამ კონტექსტში – მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია. თან სომხეთთან კომუნიკაციის გახსნა დანარჩენზე მოლაპარაკების ბევრად უკეთეს კლიმატს ქმნის.
ამდენად, რუსეთი კარგავს აქამდე არსებულ ბერკეტებს და იძენს სამშვიდობო ოპერაციას, რომელიც ხარჯია და, თანაც, შეთანხმების მიხედვით, თურქული მხარის მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს.
უახლოეს დღეებში კრიზისული ვითარება შეიქმნება ერევანში და ბევრი რამაა იმაზე დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ნიკოლ ფაშინიანი ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნებას. საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა გაირკვეს რუსეთ-თურქეთის მორიგების იურიდიული კონტურები და მათ უშუალოდ ადგილზე უნდა შეისხან ხორცი.
თუ ვინმემ წააგო, ეს რუსეთია. მაგრამ ეგებ რუსეთიც დაიღალა „დაჰყავი და იბატონეთი“? ასეთი ბატონობა ხომ ძალიან სარისკო და ხარჯიანია. თანაც, ამერიკაში ბაიდენმა გაიმარჯვა.
ამავე თემაზე:
This post is also available in: English (ინგლისური)