საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 10 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ ორივე ლიდერთან საუბრისას, „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.
ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას, პრემიერმა გახარიამ „გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას“. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ბაქოსა და ერევანს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები მიმოიხილეს.
პრემიერმა და მისმა სომეხმა კოლეგამ „მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა“.
სატელეფონო საუბრისას, პრემიერ-მინისტრებმა ასევე „ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)