აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საფრანგეთში, თურქეთსა და ისრაელში, ასევე საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ყატარში ხანგრძლივი ტურნეს ფარგლებში 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის დეტალებზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
Looking forward to the upcoming visit of @SecPompeo to 🇬🇪. This visit is reiteration of all time high status of🇬🇪🇺🇸strategic partnership. In the framework of the visit we will discuss the geopolitical situation in the region as well as our coop in defense & security.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 10, 2020
პომპეოს ვიზიტი საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს ემთხვევა. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებენ.
„საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე განცხადებით, „ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს“.
„საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაიკ პომპეოს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის დასადასტურებლად“. ვიზიტის ფარგლებში, იგი ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მოისმენს მათ შეხედულებებს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)