საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 ნოემბრის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის საქმეზე თბილისში ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული ნარკორეალიზატორთა ჯგუფის წევრი იყო და ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ დამზადებისა და ინტერნეტით რეალიზაციის საქმეში იყო ჩართული.
შსს-ს განმარტებით, სამართალდამცველებმა მისგან საკონტროლოდ „მეფედრონი“ რამდენჯერმე შეისყიდეს და მტკიცებულების სახით აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც გააკეთეს. ამასთან, პოლიციელებმა ფარულად „მეფედრონის“ დამზადების პროცესიც გადაიღეს.
პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2.3 კგ ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“, ასევე მისი დამზადებისთვის საჭირო „ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი“ ამოიღეს. შსს-ს განცხადებით, შავ ბაზარზე ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ჯამური ღირებულება 1.2 მლნ ლარია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (I და IV ნაწილები) და 266-ე (I ნაწილი) მუხლებით მიმდინარებს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-წარმოება-გასაღებასა და მისი წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა-შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)