ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა და პოლიტიკური, ეკონომიკური და კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, მათ შორის, რუსეთის სამედიცინო დახმარება ოკუპირებული რეგიონისთვის.
კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი აფხაზეთის „ნომერ პირველ პარტნიორად“ რჩება, ვინაიდან მას მთლიანი ეკონომიკური ბრუნვის 70%-ზე მეტი სწორედ რუსეთთან აქვს. „ჩვენ თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები გვაქვს, არა მხოლოდ ტურიზმი, არამედ სხვა სფეროებიც: სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაციები“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, ბჟანიამ პუტინს აფხაზეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ლიდერები ამ ფორმატში პირველად შეიკრიბნენ. აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ რუსეთის მხრიდან პანდემიის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლიერება გამოხატა.
ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა აპირებს სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი შეთანხმებების განხორციელებას, ვინაიდან ისინი „აფხაზეთის ინტერესებს შეესაბამებიან და აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას უწყობენ ხელს“.
ბჟანიასა და პუტინის შეხვედრას წინ ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობა უძღოდა, რომელიც რუსეთის მიერ დაკიდული ხიდის სავარაუდოდ „უკანონო“ მშენებლობას უკავშირდებოდა. ეს ხიდი გაგრის რაიონის სოფელ აიბგას სოჭის მუნიციპალიტეტის ადლერის ოლქს დაუკავშირებდა.
აფხაზეთის ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხიდის მშენებლობა სოხუმთან არ იყო შეთანხმებული და მოუწოდა ბჟანიას, რომ საკითხი პუტინთან შეხვედრაზე დაეყენებინა.
აფხაზური მედიის ცნობით, ბჟანია სოჭს პრეზიდენტ პუტინის მიწვევით ესტუმრა. ორი კვირით ადრე, 26-30 ოქტომბერს, ბჟანია მოსკოვს სტუმრობდა, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი პუტინი აფხაზეთის „პრეზიდენტთან“ შეხვედრას „უახლოეს მომავალში“ არ გეგმავდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)