Site icon Civil.ge

მცხეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება

31 ოქტომბრის არჩევნები, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მანამდე, არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, აქ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე ხმების 50.1%-ით არჩევნებს პირველივე ტურში იგებდა. საბოლოო შედეგების მიხედვით კი – მას ხმების 49.67% აქვს, რაც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

აქ ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 3 ნოემბერს მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ არჩევნებში ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი „მნიშვნელოვანი შეცდომების“ გამო გააბათილა. თავის მხრივ, ცესკომ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენა.

ქართულ ოცნებას 30 მაჟორიტარული ოლქიდან 13 პირველივე ტურში მოგებული აქვს, 61 მანდატი უკვე აქვს პროპორციული წესითაც. შესაბამისად, მმართველ პარტიას პარლამენტში 74 გარანტირებული მანდატი უკვე აქვს და მას უბრალო უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 76 ხმისთვის დარჩენილი 17 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორის მოგება სჭირდება.

5 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქსნის პენიტენციური დაწესებულების შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას მიესალმა და არჩვნების დღე გაიხსენა, როდესაც „ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმას [ჰქონდა ადგილი], რაც არ იქნა აღკვეთილი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)