არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) 16 ნოემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში 157 ანტიდასავლური გზავნილი გამოავლინა.
ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში (1 აგვისტო-25 ოქტომბერი), აგრეთვე გამოვლინდა წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიები, ასევე სოციალურ მედიაში პოლიტიკური და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ დეზინფორმაცია.
დოკუმენტის მიხედვით, ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე დიდი წილი (65) დასავლეთის, როგორც ღირებულებითი სივრცის, ასევე გეოგრაფიული და ინსტიტუციური ერთობის წინააღმდეგ იყო მიმართული. შემდეგ ადგილზეა ნატო (41), აშშ (26), არასამთავრობო ორგანიზაციები და სოროსი (15), ხოლო ბოლო ადგილზე – ევროკავშირი (10).
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ანტიდასავლური გზავნილების კუთხით პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს (87), რომელთა უმეტესობის სამიზნეც ნატოა (36). გზავნილებში სამხედრო ნეიტრალიტეტისა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების საკითხი დომინირებდა.
საარჩევნო სუბიექტების სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარიდან ყველაზე დიდი წილი (87) ქსენოფობიაზე მოდის, რასაც ჰომოფობიური შეფასებები თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება (47). ექვსი განცხადება კი – შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად.
არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი თურქოფობიაზე (59) მოდის, რასაც „პატრიოტთა ალიანსის“ ტრადიციული კამპანია განაპირობებდა, რომელიც „მხარდამჭერების მობილიზებას ისტორიული ტრავმის გაღვივებითა და რუსეთის საფრთხიდან ყურადღების ისტორიულ საფრთხეებზე გადატანით ცდილობდა“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისფულებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას“ ეხებოდა, რომელთან დაკავშირებითაც, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის სავარაუდო გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე დააკავა.
„მედიის განვითარების ფონდის“ პროექტმა, „მითების დეტექტორმა“ Facebook-ის 14 ანგარიში, ასევე 4 სახელისუფლებო მედია გამოავლინა, რომლებიც ზუგდიდში ბანკზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ნაციონალური მოძრაობის კვალს იმ მიზეზით ხედავდნენ, რომ ერთ-ერთი მძევალი ნაციონალური მოძრაობის წევრი აღმოჩნდა.
საანგარიშო პერიოდში, „მითების დეტექტორმა“ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული 22 დეზინფორმაციული და მანიპულაციური განცხადებები გადაამოწმა. პატრიოტთა ალიანსი ყველაზე ხშირად ისტორიით მანიპულირებდა და ამ თემას თურქოფობიური განწყობების გასაღვივებლად იყენებდა.
შემდეგ მოდის სანდრო ბრეგაძის „ქართული მარში“, რომელიც იდენტობის დაკარგვის საფრთხეების გარდა, ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით კრემლის დეზინფორმციულ გზავნილებს იმეორებდა.
ანგარიშში გამოვლენილი 31 დეზინფორმაციიდან, 16 ოპოზიციის, ხოლო 8 მმართველი პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული. დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ციტატების გაყალბება და ყალბი ინფორმაცია, ასევე გაყალბებული პოსტების/დოკუმენტების და ფოტო-ვიდეომანიპულაციის გავრცელება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოვლინდა Facebook-ის 56 ანგარიში, რომლებიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდნენ და მეტწილად მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშრებულნი; ასევე 30 ანგარიში, რომელიც ყალბ ცნობებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ აქვეყნებდა და ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)