წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის წინააღმდეგ მას შემდეგაც არ წყდება, რაც პოლიციამ 14 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ჰესის სამშენებლო სამუშაოების ადგილის მახლობლად, საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.
საპოლიციო დაშლა ადგილობრივების მიერ ქუთაისი-ცაგერის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვას მოჰყვა, რისი მიზანიც შესაბამისი ტექნიკისთვის მშენებლობის ადგილამდე გადაადგილებისთვის ხელშეშლა იყო. მშენებლობის მოწინააღმდეგეები პოლიციას ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, მათ შორის,ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ დაშლის შედეგად ხალხის ნაწილმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მაშინ როდესაც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი არ იმყოფებოდა.
ადგილობრივები უკვე 23-ე დღეა, კარვებში მორიგეობენ ჰესის მშენებლობის აღკვეთის მიზნით. პროტესტში მონაწილეები ამბობენ, რომ პროექტი გარემოსა და ადგილობრივთა ცხოვრებაზე მძიმე საზიანო გავლენას მოახდენს.
არასამთავრობოები დარბევასა და ჰესის მშენებლობას ეხმაურებიან
14 ნოემბრის დარბევის საპასუხოდ, მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), „მწვანე ალტერნატივამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები დიალოგის ნაცვლად ადგილობრივთა სამართლიან წინააღმდეგობასთან რეპრესიული მეთოდებით გამკლავებისათვის გააკრიტიკეს.
განცხადების ავტორი ორგანიზაციები იმასაც აღნიშნავენ, რომ შესაბამის კომპანიას ამ დრომდე არ წარმოუდგენია არსებითი ხასიათის დოკუმენტაცია და ექსპერტული კვლევები მშენებარე ჰესის ზეგავლენის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შექმნას „მოსახლეობასთან, ფართო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან განგრძობადი და რეალური დიალოგის ფორმატი“.
ჰესების პროექტი, მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები
საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA-ს და ნორვეგიის სუფთა ენერგიის ჯგუფს (Norway’s Clean Energy Group) იმერეთსა და ლეჩხუმში ნამახვანის ჰესების კასკადის განვითარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უფლება 2019 წელს მიანიჭა.
პროექტი მოიცავს ორ ჰესს მდინარე რიონზე: 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის პირველი მარტიდან 2014 წლის 31 ივლისამდეა დაგეგმილი. ENKA-ს განცხადებით, კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მაისში დაიწყო და სამშენებლო სამუშაოებს ერთდროულად ოთხ ადგილზე ატარებს.
800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“, ხელისუფლება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას იმედოვნებს და ირწმუნება, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ „საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი“. მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ ჰესების კასკადის პროექტში ჯამში 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება.
პროექტის მოწინააღმდეგეები მთავრობის ოპტიმიზმს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ რისკები სათანადოდ არ შეფასებულა. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ შექმნილმა მოძრაობებმა პეტიციაც გაავრცელეს, სადაც ირწმუნებიან, რომ სეისმური რისკები შესაბამისად არ შესწავლილა – ისინი 90-იანებში რაჭაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასაც იხსენებენ.
მოწინააღმდეგეები პეტიციაში ყურადღება ამახვილებენ კიდევ ერთ საფრთხეზე, რომ „დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34 მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება“.
მოწინააღმდეგეები ასევე აცხადებენ, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები კანონდარღვევით, მოსახლეობისა და საზოგადოების სათანადო ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე გაიცა და შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის სოფლებს და იქ არსებულ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას დატბორავს.
რეგიონის მცხოვრებთა კიდევ ერთი წუხილი ადგილობრივი მიკროკლიმატის ცვლილებას შეეხება, რომელიც ყურძნის გარკვეული სახეობებისთვის საჭირო მიკროზონებს გაანადგურებს, მათ შორის, ტვიშის ღვინის მიკროზონას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა – ჰესის მშენებლობის შეწყვეტა – არ დაკმაყოფილდება. სხვა მოთხოვნები, რომლებიც პეტიციაშია წარმოდგენილი, მოიცავს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელების შეწყვეტას და ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროვებას.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)