Site icon Civil.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს სტუმრობს 

მაიკ პომპეო, ფოტო: .facebook.com/usdos

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 17 ნოემბერს, საღამოს თბილისში ჩამოვიდა. ხვალ იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

მაიკ პომპეო თბილისში სტამბოლიდან ჩამოფრინდა. 18 ნოემბერს იგი თელ-ავივში გაემგზავრება. ამერიკელი დიპლომატი საქართველოს საფრანგეთში, თურქეთსა და ისრაელში, ასევე საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ყატარში ხანგრძლივი ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

„შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი ურთიერთობა აქვთ, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი საერთო ერთგულებას ეფუძნება“, – დაწერაTwitter-ზე მაიკ პომპეომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და დაამატა, რომ „აშშ მზად არის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში დაეხმაროს“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

აღნიშნა რა, რომ „საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე“, ზალკალიანმა თბილისის საერთაშრისო აეროპორტში ამერიკელი კოლეგის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე  განაცხადა, რომ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე აშშ-ის სახელწმიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში „მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია“. „რა თქმა უნდა, ამ ვიზიტზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ დროს დაემთხვა“, – დასძინა მან.

ვიზიტი იმ ფონზე იმართება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების აღიარებაზე უარს ამბობენ. „ტრამპის ადმინისტრაცია მეორე ვადით შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას. პომპეოს ტურნეში შემავალი შვიდივე ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

საქართველო პოლიტიკური კრიზისის წინაშე თავადაც დგას. ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და ხელახალ არჩევნებს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომასა და „პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალ, დილით, თბილისის ცენტრში მდუმარე აქციას გეგმავენ, რომლითაც ისინი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის იმის თქმას აპირებენ, რომ „31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა“. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დღის წესრიგში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრები გათვალისწინებული არ არის.

18 ნოემბერს, ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ასევე ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მათ შეფასებებს მოისმენს.

მაიკ პომპეო პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც თბილისში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც დედაქალაქს 2017 წელს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სტუმრობდა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)