Site icon Civil.ge

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან

ოპოზიციამ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას „მოპარული“ არჩევნების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია-მსვლელობა მოაწყო, 18 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

24-მა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ, გირჩმა და ლეიბორისტული პარტიამ 18 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყეს, რომელშიც ისინი ქვეყნის „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო შეშფოთებას გამოხატავენ და აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

აღნიშნეს რა რომ „მაიკ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა“, პარტიებმა აღნიშნეს, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენებით „პოლიტიკური გარღვევაა“ საჭირო. მათ ამ კონტექსტში საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლასა და ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები საფრთხეს უქმნიან „რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას“. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს „დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის“ და დაამატეს, რომ „სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში“.

„არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის – ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა – ეს ის ნიშნებია,  რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს“, – განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა.

აღნიშნეს რა რომ საქართველომ დემოკრატიასთან ერთად ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება მოახერხა, ოპოზიციურმა პარტიებმა მაიკ პომპეოს 2019 წლის ივნისის განცხადებაც გაიხესენეს, სადაც მან რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

განცხადების მიხედვით, ტოტალიტარული რეჟიმები თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ აკრძალული მეთოდებით იბრძვიან და შესაბამისად, „საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა  და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა“.

აღნიშნეს რა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა“, საქართველოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასლას უქმნის საფრთხეს, ოპოზიციურმა პარტიებმა გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რათა „მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)