აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 18 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით, სადაც სასამართლოს სისტემის რეფორმა და ქვეყნის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი განიხილა, საქართველოში ვიზიტი დაასრულა.
შეხვედრის დროს, სახელმწიფო მდივანმა „აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში“, აცხადებს აშშ-ის საელჩო საქართველოში. „თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, – ნათქვამია ამავე განცხადებაში.
America’s private investment depends on a stable, independent judicial system. There’s more work to do–our support continues.
— Secretary Pompeo (@SecPompeo) November 18, 2020
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები შეხვედრის შემდეგ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“, „უფლებები საქართველოსა“ და „ღია საზოგადოების ფონდის“, ასევე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ განაცხადა, რომ „არაფორმალური მმართველობა“ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
„უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი კარგად არიან ინფორმირებულნი საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის თაობაზე. „მტკიცებულებებად წარდგენილი იყო კონკრეტული საქმეები,სადაც სასამართლომ მიიღო გარკვეული პოლიტიკური და კორუფციული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.
„კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, რომლებიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ეს იყო ანაკლიის პორტის საქმე, ფილიპ მორისის საქმე“, – განაცხადა გია გვილავამ „საერთაშორი გამჭირვალობიდან“. „[პომპეომ]კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ და იკითხა კონკრეტულად როგორი მეთოდებით მუშაობენ“, – დასძინა მან.
გვანცა წულუკიძემ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“ განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმეები გააცნეს, მათ შორის, კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუას საქმე და სხვ.
„ჩვენ, როგორც არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, პირველი ეს იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონსესუსი, რომლის გარეშეც ის ჩიხი, რომელშიც ვიმყოფებით ვერ აღმოიფხვრება და შევთავაზეთ საელჩოს, რომ მას ჰქონდეს აქტიური ფასილიტატორის როლი“, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა სოფიო ასათიანმა. იმაზე საუბრისას, თუ რა დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს აშშ-მა საქართველოს სასამართლო რეფორმას, ასათიანმა აღნიშნა, რომ „სასამართლო რეფორმა უნდა იყოს აუცილებელი წინაპირობა“ აშშ-ის ფინანსური დახმარების მისაღებად.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პატრიარქთან შეხვედრები
დღეს, დილით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
„აშშ-ის თანამშრომლობას საქართველოსთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რუსული ოკუპაციის ფონზე, ურყევია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრ გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან შეხვედრებზე საუბრისას, პომპეომ Twitter-ზე დაწერა, რომ მათ „საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე“ იმსჯელეს.
Great to meet with Prime Minister @GakhariaGiorgi and Foreign Minister @DZalkaliani to discuss the importance of holding free, fair, and transparent elections in Georgia. I reaffirmed unwavering U.S. support for Georgia’s sovereignty in the face of Russian occupation. pic.twitter.com/jg3IeNFA4w
— Secretary Pompeo (@SecPompeo) November 18, 2020
შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების „მეტ ყოფნას საქართველოში ყველა მიმართულებით“. მან იმედი გამოთქვა, რომ „ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს“, მათ შორის, რეგიონში აშშ-ის მეტი ჩართულობის თვალსაზრისით.
ზალკალიანის თქმით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ნატოში მისწრაფებების მხარდაჭერაზე, ეკონომიკასა და უცხოურ ინვესტიციებზე, თანამშრომლობაზე კოვიდ-19 პანდემიასთან გამკლავების საქმეში, მათ შორის, ვაქცინების შესყიდვის თვალსაზრისით და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რაც შეეხება საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია ქვეყანაში სტაბილურობით, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკური მიმართულებით და არავითარ შემთხვევაში არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს“.
It was my great pleasure to meet with His Holiness, Georgian Orthodox Church Patriarch Ilia II today. As a member of the International Religious Freedom Alliance, Georgia’s role in promoting and protecting religious freedom around the world cannot be overstated. pic.twitter.com/tIniLyqSPl
— Secretary Pompeo (@SecPompeo) November 18, 2020
ოპოზიციის მდუმარე აქცია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად ოპოზიციამ თბილისის ცენტრში მდუმარე აქცია გამართა, რათა ამერიკელი დიპლომატისთვის გადაეცა გზავნილი, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები „გააყალბა“.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ მდუმარე პროტესტით, მათ მთელ მსოფლიოს საქართველოში ამჟამად არსებული კრიტიკული მდგომარეობა აჩვენეს.
პარტია გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აქციის მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნები „გააყალბა“.
პარალელურად, 24-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ 18 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი ქვეყნის „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო შეშფოთებას გამოხატავენ და აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
თბილისიდან მაიკ პომპეო ისრაელში გაემგზავრა. „სახელმწიფო მდივანმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნა აშშ-ის საელჩომ.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
- ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)