Site icon Civil.ge

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები მაიკ პომპეოს ვიზიტზე 

ვაშინგტონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ალექს ვონგის ფოტო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მედიასთან ისაუბრეს. საუბრის დეტალები სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ბრიფინგზე, მაღალი რანგის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, სავარაუდოდ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ოპოზიციას, რომელმაც ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, საკანონმდებლო ორგანოდან „იბრძოლოს ცვლილებისთვის“.

„არჩევნები კონკურენტული იყო, გარკვეულწილად უკეთესი – ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები აგრესიული ტაქტიკა არჩევნების წინ, მაგრამ… კვლავ გამოვლინდა [ისეთი] დარღვევები, როგორებიცა – ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წელია საქართველოს არჩევნებზე აქვს ადგილი“, – განაცხადა მან.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სასამართლო რეფორმის განხილვის მიზნით პომპეოს შეხვედრის მიზეზებზე საუბრისას, ამავე ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა რომ ყოფილიყო, საარჩევნო საჩივრების განხილვა სასამართლოში იქნებოდა შესაძლებელი და ხალხს მისი შედეგების მიმართ ნდობა ექნებოდა“.

„სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საქართველოში არ აქვს სასამართლო სისტემის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ხმების ხელახალი დათვლა [და] სხვა ასეთი საკითხები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მოაგვარა ისე გამჭვირვალედ, როგორც ეს უნდა ყოფილიყო. ამან გააჩინა ეჭვი შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით“.

მეორე ოფიციალურმა პირმა, თავის მხრივ, განაცხადა: „აქ იმიტომ ვართ, რომ საქართველოს, მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, მომავალს, მის პოტენციალსა და აშშ-საქართველოს ძლიერ პარტნიორობას ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა გამოვუხატოთ“.

„საქართველო ჩვენი დიდი პარტნიორია უსაფრთხოების, სამხედრო თვალსაზრისით და სახელმწიფო მდივანს სურს, ხაზი გაუსვას მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“, – აღნიშნა მან.

იგივე ოფიციალური პირი პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის უარსაც გამოეხმაურა და ინსტიტუტების გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ უბრალოდ ბოიკოტის გამოცხადების ნაცვლად, უმჯობესია, საკუთარ მიზნებს სწორედ ამ ინსტიტუტების გამოყენებით მიაღწიონ.

„ასევე შეხვდით ბიზნესის წარმომადგენლებს, რადგანაც ამ გზავნილის ნაწილი ასევე მოიცავს ნდობის ამაღლებას და ისეთი ბიზნესგარემოს შექმნას, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, რაც ასე საჭიროა მსოფლიოს იმ ნაწილისთვის, რომელსაც ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ასევე დაუნდობელ სამეზობლოში მდებარეობს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)