დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი 2008 წელს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორისა და ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის როლის გამოძიებას ითხოვს. 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო სიცოცხლის უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.
ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ცნობილი ქართველი იურისტი შედის, აღნიშნავს, რომ ვასილ როინიშვილი, რომელიც 2006-2008 წლებში აჭარის პროკურორი იყო, სამართალდამცველების მიერ შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ზედამხედველობდა.
„მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, დაზარალებულს [შავაძის მეუღლეს] საპროცესო სტატუსი და საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა არ მიეცა“, – აცხადებს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი და დასძენს, რომ ვასილ როინიშვილი დაზარალებულზე ზეწოლასა და მის გაჩუმებასაც ცდილობდა.
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში პროკურორის პოსტზე ერთწლიანი მსახურობის შემდეგ, როინიშვილი 2009-2019 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2020 წლის მაისში იგი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ათწლიანი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოებამ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა დაგმეს, როგორც „სასამართლო კლანის“ კიდევ ერთი გამოხატულება.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ შავაძის მეუღლისთვის საპროცესო სტატუსის ჩამორთმევით, მას „რომელიმე პროცედურული უფლების გამოყენების“ შესაძლებლობაც წაერთვა. მას არ ჰქონდა წვდომა გამოძიების მასალებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მეუღლის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაზე.
იმის გათვალისწინებითაც, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, სასამართლომ ერთხმად დაასკვნა, რომ საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლით აღებული ვალდებულებები დაარღვია, რაც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტებში.
სტრასბურგის სასამართლომ „თავდაპირველი გამოძიების პროცესში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომჩივნის მეუღლის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტურია და მომჩივნის სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით აღებულ პროცედურულ ვალდებებულებებს არღვევს“.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 40 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)