Site icon Civil.ge

ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ქუთაისის მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო

ქუთაისი, ფოტო: ბექა ჯალაღანია/ Unsplash

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 92.02%-ით (29 911 ხმა) მოიგო.

ხახალეიშვილის მეტოქე ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატი გრიგოლ შუშანია იყო, თუმცა ოპოზიციის საერთო ბოიკოტის ფონზე, მან არც საარჩევნო კამპანია განაგრძო და მეორე ტურსაც გამოეთიშა. კანონმდებლობის თანახმად, შუშანიას სახელი და გვარი ბიულეტენებზე მაინც დაიბეჭდა და ცესკოს ცნობით, მან ხმების 7.98% (2 595 ხმა) მიიღო.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა. იოსებ ხახალეიშვილმა მაშინ ხმების 45.7% (32 216 ხმა), გრიგოლ შუშანიამ კი – 30.62% (21 593 ხმა) მიიღო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2020 წლის აპრილის დასაწყისში, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)