Site icon Civil.ge

ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკურ პარტიებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს 

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან, აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, 1 ნოემბერი, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ „ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს“.

განცხადებაში, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის მომდევნო დღეს გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელაა გამოხატული მხარდაჭერა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი დასკვნების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო პროცესის მთელი რიგი ასპექტები გააკრიტიკეს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. „ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

„წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დასძინა, რომ ის „მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს“.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ „გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით“. „პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ მხარდაჭერა გამოხატა სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მიმართ და დაგმო „ძალადობის ნებისმიერი ფაქტი“. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის, ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“, – დასძინა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)