Site icon Civil.ge

მოსკოვმა და სოხუმმა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა დაამტკიცეს

სოხუმის ცენტრი, აფხაზეთი, საქართველო. ფოტო: www.sukhumcity.ru

რუსეთის ფედერაციამ და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა დაამტკიცეს, რომელიც აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედება დაგმო და მას აფხაზეთის „დეფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი“ უწოდა.

განცხადება პროგრამის შესახებ, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წლის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულებას ეფუძნება, პირველად 23 ნოემბერს მას შემდეგ გაკეთდა, რაც აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

დოკუმენტი, რომელიც 2-3 წლის ვადაში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, 45 დამოუკიდებელი პუნქტისგან შედგება და ავალდებულებს აფხაზურ მხარეს, რომ საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელოს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის და პოლიტიკურ სფეროებში, როგორებიცაა – სოხუმსა და მოსკოვს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხის რეგულირება, რეგულარული სამედიცინო მომსახურების შესახებ სამართლებრივი აქტის ამოქმედება, რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და საინვესტიციო პარტნიორობის შესახებ კანონის შემუშავება.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკანონმდებლო პროცედურების გამარტივებას რუს ინვესტორთათვის, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის მოპოვების, მათი საქმიანობების დარეგისტრირების, საგადასახადო კანონმდებლობის რუსულ მოდელთან ჰარმონიზაციის, განათლების სისტემის შესახებ კანონის მიღების და სხვა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტების თვალსაზრისით, რასაც თანდათან აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან დაახლოება მოჰყვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)