Site icon Civil.ge

ბათომის ოლქში ადმინისტრაციული რეფორმის გატარება დაიწყო

ბათუმი, 1920 წლის 24 სექტემბერი, მოქალაქეები ესალმებიან ევროპელ სოციალისტთა დელეგაციის წევრებს. ფოტო - დოკუმენტური ფილმიდან "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა". დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. ერთობა, 1920 წლის 28 ნოემბერი, N27

ბათომი

ბათომის ოლქში დანიშნულ განსაკუთრებულ რწმუნებულის გრიგოლ გიორგაძის თავმჯდომარეობით შესდგა ახლად შედგენილი საოლქო საბჭოს პირველი სხდომა.

თათბირმა მიიღო შემდეგი დადგენილებანი:

1) მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზომები ოლქის საადმინისტრაციო მმართველების მოსაწესრიგებლად.

2) გააუმჯობესონ ოლქის მცხოვრებთა მდგომარეობა საერობო დაწესებულებათა შემოღებით.

3) ეკონომიური დახმარების გაწევის მიზნით გაიხსნას 12 საოლქო კოოპერატიული დუქანი. ამ საქმეში დახმარებას გაუწევს ბათუმში მყოფი მთავრობის დანსაკუთრებული რწმუნებული და კოოპერატივთა ცეკავშირი.

4) დანიშნონ სარევიზიო კომისია ბათომის ყოფილ სასურსათო კომიტეტის მოღვაწეობის გამოსარკვევათ.

5) ოლქის საადმინისტრაციო მმართველობის უკეთ მოწყობის მიზნით დასახმარებლათ მოიწვიონ: დამფუძნებელი კრების წევრი ისიდორე რამიშვილი, დამფუძნებელი კრების წევრი და ბათუმის ქალაქის წევრი გიორგი ანჯაფარიძე და სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძე.

6) სოფლის კომისრებსა და მილიციონერებს ხაზინა უნდა ინახავდეს.

7) წინადადება მიეცეს რაიონის კომისრებს, რომ სასწრაფოდ გამოარკვიონ მცხოვრებთა საჭიროებანი.

8) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მცხოვრებთა კულტურულ განვითარების საქმეს.

9) სასამართლოს წარმოებაში დასტოვონ შარიათი და ადათი, აგრეთვე დასტოვონ სასამართლოს ძველი შემადგენლობა: ყადი და ორი წევრი, სასამართლოს თავმჯდომარეობს რაიონის კომისარი. დასასრულს საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოლქში გაემგზავრება გიორგი ანჯაფარიძე და ერთი თვის შემდეგ აღნიშნული ზომების ცხოვრებაში გატარებას უნდა ველოდეთო.

ორთა ბათომის და სარფის სოფლის საზოგადოებანი უნდა შეუერთდნენ ბათომის სარაიონო უბანს. საჭიროდ აღიარეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმერხევის უბნის საადმინისტრაციო მართველობას.

საბჭოს წევრმა ისკანდერ ბეგ ცივაძმე სურვილი გამოსთქვა, რომ მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელნი უფრო მეტად დაუახლოვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებთ, რაც კარგ გავლენას მოახდენს მცხოვრებლებზე და ამგვარად მცხოვრებლებს და მთავრობას შორის მჭიდრო კავშირი დამყარდებაო (სდს).