Site icon Civil.ge

ევროკავშირის განცხადება საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს ანგარიშზე 

ევროკავშირის დროშა, წყარო: Europa.eu

ევროკავშირი და მისი წევრები 25 ნოემბერს მიესალმნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ წარდგენას.

ევროკავშირმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოუწოდა გენერალ მდივანს, განაგრძოს ანგარიშების წარდგენა, რომლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხიცაა განხილული.

ევროკავშირმა სინანული გამოხატა იმის გამო, პროგრესი არ შეინიშნება 21 ოქტომბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების კუთხით.

გამოხატა რა შეშფოთება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესების გამო, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამშვები პუნქტების დახურვა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

განცხადებაში ევროკავშირმა ყველა იმ პირის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის, გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების ხელისუფლებებმა დააკავეს და გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

ევროკავშირმა ყურადღება ასევე გაამახვილა რუსეთის სამხედრო ყოფნაზე ოკუპირებულ რეგიონებში, სამხედრო წვრთნებზე – „კავკაზ 2020“, „ბორდერიზაციის“ პროცესსა და ეთნიკური ქართველების გაძლიერებულ დისკრიმინაციაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, რომელთაც კვლავ ეზღუდებათ რიგი უფლებები, მათ შორის, ბინადრობის, მუშაობის, საკუთრებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებები.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს მშვიდობის უზრუნველყოფას და კონფლიქტის მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების დაუყონებლივ განახლების მნიშვნელობას აღნიშნავს და მიესალმება მორიგი რაუნდის 10-11 დეკემბერს დანიშვნას.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებს ევროკავშირი და რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

განცხადებას შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სან-მარინო, თურქეთი და უკრაინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)