Site icon Civil.ge

საქართველო ნატოს 2030 წლის ანგარიშში 

ნატოს სათავო ოფისი ბრიუსელში, 2019 წელი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

1-2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარდგენილ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ალიანსმა უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან „როგორც მოწყვლად დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომელთაც წევრობა სურთ და რუსეთის მხრიდან მუდმივი გარე და შიდა ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან“.

67-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, ნატომ უნდა განიხილოს უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი რესურსების უზრუნველყოფა პარტნიორული საქმიანობებისთვის, ხოლო მისი „ღია კარის პოლიტიკა მხარდაჭერილი და გააქტიურებული უნდა იყოს“.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესიას განაგრძობს, „მისი შეუპოვარი მოქმედება გაძლიერდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და ჩრდილო ატლანტის მიმართულებით, ბარენცის, ბალტიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის საკვანძო წერტილებში და მათ ირგვლივ საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების ზრდით“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსკოვი „შეეცადა ნატოს ტერიტორიის სიახლოვეს შეექმნა სატელიტი ან კლიენტი სახელმწიფოები, მათ შორის, ე.წ. გაყინული კონფლიქტები“ და ამ კუთხით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიცაა ნახსენები.

ანგარიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც შეაფასა და თქვა: „ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის“.

ანგარიში მომზადდა ნატო 2030-ის პროცესის ფარგლებში, რომელიც მოიცავს მოსაზრებებს ალიანსის გაძლიერების შესახებ, რათა ის მომავალ გამოწვევებს გაუმკლავდეს და რომელიც გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წელს წარადგინა. დოკუმენტზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს თანათავმჯდომარეობდნენ ტომას დე მეზიერი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და აარონ ვეს მიტჩელი, ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც ევროპულ და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.

ჯგუფის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მრჩეველი ჯონ ბიუ; კანადის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გრეტა ბოსენმეიერი; დანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ანია დალგაარდ-ნილსენი; იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მარტა დასუ; პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; თურქი დიპლომატი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე ტაკან ილდემი; საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუბერტ ვედრინი და ნიდერლანდების მთავრობის მრჩეველი ჰერნა ვერჰაგენი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)