Site icon Civil.ge

ვარშავაში დავით ზალკალიანი თავის პოლონელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი და ზბიგნევ რაუ, ფოტო: დავით ზალკალიანის Twitter-დან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2 დეკემბერს ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარება, ორმხრივი თანამშრომლობა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით , მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით.

სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ხაზი გაუსვა „პოლონეთის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის მიმართ“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ რაუს სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ზალკალიანის ყოფნა ვარშავაში თბილისის პროდასავლური კურსის დასტურია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ვარშავის მზადყოფნა, კვლავაც დაუჭიროს მხარი საქართველოში რეფორმების პროცესს და ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში.

ამავე ინფორმაციით, საქართველოში არჩევნების შემდგომი სიტუაციისა და ოპოზიციის ბოიკოტის განხილვისას, მინისტრმა რაუმ ხაზი გაუსვა პარლამენტის ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ვალდებულებების შესრულების, ისე პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ყველა მხარის ინტერესშია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობას სრულად აღადგენს“.

პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო შეშფოთება გამოხატა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მინისტრებმა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკული ცვლილებები განიხილეს, კერძოდ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება.

ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო ფორმატით გაიმართა, პოლონელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრსა და პოლონეთის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსს, კრიშტოფ შჩერსკის შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)