საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 511 853 იყო, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა კი – 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ჯამში 9 სუბიექტმა გადალახა. ქვემოთ არჩევნების პროპორციულ ნაწილში გამარჯვებული პარტიებისა და ბლოკების მიერ მიღებული ხმებისა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობაა მოცემული:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 48.22% (928 004 ხმა) – 60 მანდატი;
- ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია – 27.18% (523 127 ხმა) – 36 მანდატი;
- ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 3.79% (72 986 ხმა) – 5 მანდატი;
- ლელო – მამუკა ხაზარაძე – 3.15% (60 712 ხმა) – 4 მანდატი;
- ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15% (60 671 ხმა) – 4 მანდატი;
- დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 3.14% (60 480 ხმა) – 4 მანდატი;
- გირჩი – 2.89% (55 598 ხმა) – 4 მანდატი;
- ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 1.33% (25 508 ხმა) – 2 მანდატი;
- შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1.00% (19 314 ხმა) – 1 მანდატი.
რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, აქ 30-ვე ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი მმართველმა გუნდმა მოიგო. ოცნების კანდიდატებმა 13 ოლქში გამარჯვება არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვეს, 17 ოლქში გამართულ მეორე ტურში კი, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა, ასევე ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, ქართული ოცნება ახალ პარლამენტში ჯაშმი 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ რვავე ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნების შედეგებს არ ცნობს და არც ახალ პარლამენტში შესვლას აპირებს. ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და ყველა „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვს.
ოპოზიციამ ამ მოთხოვნებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი აქცია უკვე გამართეს. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დაიწყო. მათ შორის გამართული ორი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. დაგეგმილია მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდიც.
უსკომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა
4 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამაც. უსკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 31 ოქტომბრის არჩევნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 314 889 იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 59.13%-მა (186 205) მიიღო. ამავე ინფორმაციით, პროპორციული წესით 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – ქართულმა ოცნებამ (45.9%) და ენმ-ძალა ერთობაშიამ (34.%) გადალახეს.
რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, აქ სამი ერთმანდატიანი ოლქიდან, ერთი ქართულმა ოცნებამ პირველივე ტურში მოიგო, დანარჩენი ორი ოლქიც, 21 ნოემბერს გამართულ მეორე ტურებზე, რომელიც ასევე ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა, ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიგეს. შედეგად, 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას 14, ენმ-ძალა ერთობაშიას კი – 7 მანდატი ერგო. ოპოზიცია შესვლას არც აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)