Site icon Civil.ge

ბავშვთა პორნოგრაფიაზე განცხადებას გირჩის ლიდერთა შორის განხეთქილება მოჰყვა

ფოტო: facebook.com/GirchiParty/

მემარჯვენე ლიბერტარიანული პარტიის გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს თქვა, რომ მისი და ამავე პარტიის რამდენიმე ლიდერის იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის „გზები გაიყო“.

ჯაფარიძის განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე ხვიჩიას მიერ 29 ნოემბერს ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე გავრცელებულ საკამათო მოსაზრებას მოჰყვა. ხვიჩიამ პოლიცია ბავშვთა პორნოგრაფიის მასალის „შეძენა-შენახვისთვის“ ზუგდიდში ერთი პირის დაკავების გამო გააკრიტიკა, რასაც საზოგადოებისა და თავად გირჩის წევრთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

თუმცაღა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას „ბევრი მიზეზი“ აქვს, მაგრამ არა „იაგოს განცხადების შინაარსი“. მანვე განმარტა, რომ მიზეზებზე ხმამაღლა „საჯაროდ საუბარს“ არ აპირებს.

„გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“, – დაამატა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, იგი პარტიაში რჩება.

პარტიიდან წასვლას არც ჯაფარიძისთვის მიუღებელი თანაპარტიელები ფიქრობენ. ისინი აცხადებენ, რომ ჯაფარიძის განცხადება გაუგებარია და მას მეტი სიცხადე და განმარტება სჭირდება.

„მე ვერ წარმომადიგენია, რომ გირჩიდან, ამ ჩამოთვლილი ხალხიდან ვინმე წავიდეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ზურა ჯაფარიძე გირჩში ჩემთან, ვახოსთან [მეგრელიშვილი] და ვიღაცასთან კომუნიკაციის გარეშე გააკეთებს იმ საქმეს, რასაც აკეთებდა“, – უთხრა პრესას იაგო ხვიჩიამ ჯაფარიძის განცხადების პასუხად.

თავის მხრივ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადეს, რომ ჯაფარიძემ ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მათგან „სადავო“ საკითხებზე საჯარო მოსაზრებების მასთან შეთანხმება მოითხოვა. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ისინი გამორიცხავენ, რომ იაგო ხვიჩიას განცხადება ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი ყოფილიყო.

გირჩის სხვა ცნობილმა წარმომადგენლებმა ზურაბ ჯაფარიძის მხარი დაიჭირეს და იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს პარტიიდან წასვლისკენ მოუწოდეს. ჯაფარიძეს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა გირჩის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოგა ხაჩიძემაც. მან ხვიჩია პარტიის დამაზიანებელი განცხადებების „არაერთგზის“ და „მერამდენედ“ გაკეთების გამო გააკრიტიკა.

გირჩი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად გამოვიდა და ამომრჩევლის ხმების 2.89% მოაგროვა. შედეგად, პარტიას მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი ერგო, მათ შორის, ჯაფარიძეს, ხვიჩიასა და მეგრელიშვილს. თუმცა გირჩი სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი, სხვებთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასულმა დეპუტატებმა ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ 2015 წელს დააფუძნეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)