რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო „უკრაინასა და საქართველოს საკუთარ საქმიანობებში რთავს და ერთობლივი წვრთნების დროს რუსეთთან დაპირისპირებისთვის ამზადებს“.
აღნიშნა რა, რომ ნატოს გაფართოებული ქმედებები შავ ზღვაზე რუსეთს „სერიოზულ წუხილებს აღუძრავს“, ზახაროვამ განაცხადა – „იძულებულნი ვართ, გავითვალისწინოთ ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ სამხედრო აქტიურობის ზრდა და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ამაზე“.
„[შავ ზღვაზე] ახალი მოთამაშის გამოჩენა, რომელიც აშკარად არცთუ კეთილი ზრახვებით მოვიდა, რეგიონულ სტაბილურობას არყევს და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთერთობებს აფუჭებს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
ზახაროვას კომენტარი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ 2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეებმა საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ სხომასაც უმასპინძლეს და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სამხედრო ძალების ზრდას ყირიმში და შავი ზღვის რეგიონში საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსებას, ამგვარ ქმედებას კი – ნატო „ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ჩვენი ყოფნის გაძლიერებით“ პასუხობს.
ასევე წაიკითხეთ:
ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)