საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ უენდი მორტონს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა საქართველოში არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება, ორმხრივი ურთიერთობები და კოვიდ-19-ის პანდემიის თემა განიხილეს.
„მე ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რათა ხაზი გამესვა, რომ საჭიროა, ყველა მხარემ კომპრომისს მიაღწიოს“, – განაცხადა მინისტრმა მორტონმა, რომელიც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებას გულისხმობდა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ „რთულ პერიოდში“ რეფორმების გატარებაში.
Talked W @morton_wendy On ways 2 further deepen🇬🇪🇬🇧 cooperation, regional security.Thanked 4support of🇬🇪's territorial integrity.Spoke abt #COVID19 challenges, congratulated🇬🇧on launch of vaccine.Discussed recent #elections in 🇬🇪&accentuated significance of functioning of t/Parl. pic.twitter.com/iBNAWVXT3s
— David Zalkaliani (@DZalkaliani) December 4, 2020
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთანებულ სამეფოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით“ წარმოქმნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას.
ამავე განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. უენდი მორტონმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ და ხაზი გაუსვეს ვირუსთან საბრძოლველად მრავალმხრივი მიდგომების მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციის დაწყების გეგმას მიესალმა და ხაზი გაუსვა ბრიტანეთის წამყვან როლს კოვიდ-19-თან გამკლავებაში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)