Site icon Civil.ge

ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე: „რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებები საგანგაშოა“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, ფოტო: კადრი ეუთოს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა ალბანეთში იგეგმებოდა, თუმცა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ის ვიდეო ფორმატში გაიმართა.

თავის გამოსვლაში, ზალკალიანმა განაცხადა, რომ „საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია – კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში“, არღვევს რა ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„რაც დრო გადის, ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება, ხოლო ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი, ფაქტობრივად, ამ უკანონო პოლიტიკის მძევლები არიან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, ამ რეგიონებში ეთნიკური ქართველების სასტიკი მკვლელობები, ასევე უკანონო დაკავებები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ამას გარდა, გრძელდება მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

აღნიშნა რა, რომ რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ზალკალიანმა შეშფოთება გამოხატა მოსკოვის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო სწავლებების „კავკაზ 2020“-ის გამართვის გამო.

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება“, – განაცხადა მინისტრმა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებსა და უფლებადამცველებს, მათ შორის, ერთადერთ საერთაშორისო მისიას ადგილზე – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას – რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის უფლება არ აქვთ“, – განაცხადა ზალკალიანმა და ადგილზე რუსეთის „პროვოკაციების“ ფონზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას მიესალმა.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით, მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთს ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის, პანდემიის დროს ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე პირობების შესამსუბუქებლად. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონთან წვდომა თბილისს არ აქვს, რადგანაც ის სრულად „იზოლირებული რჩება“ დანარჩენი საქართველოსგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)