ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 12 ნოემბერის შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პუტინის თქმით, მოსკოვს სჭირდება „განსაკუთრებული სახის ურთიერთობები ბელარუსთან, აფხაზებთან. განსაკუთრებული ურთიერთობები გვჭირდება იმათთან, რომლებიც ახლობლად მიგვიჩნევენ“.
„პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოთა ჯგუფი, თუკი ეს მათი ხალხების ინტერესებში იქნება, შექმნის გარკვეულ კავშირს და თუ ჩვენი ხალხი ამის წინააღმდეგი არ იქნება, ჩვენც ვიფიქრებთ ამაზე. როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის და თუ პროცესებს სწორად მივუდგებით, ამაში რამე სარისკოს ვერ ვხედავ“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის ფედერაციასთან „თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის“ შექმნის აუცილებლობა აჩვენა და დასძინა, რომ ოკუპირებული რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავარ მიზნად რჩება, რადგანაც „მსოფლიო უფრო ჰუმანური არ გამხდარა“.
აფხაზეთის ლიდერმა რეგიონის სამხედრო ნაწილებში არსებული ვითარებაც გააკრიტიკა და განაცხადა: „არც კი ვიცი, როგორ ვისაუბრო იმაზე, რაც იქ ვნახე. ამ კუთხით უამრავი სამუშაოა შესასრულებელი. ეს მთავრობის საქმიანიანობის ყველაზე რთული სფეროა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)