ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომელშიც შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „ბორდერიზაციის“, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის გამშვები პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, რის შედეგადაც ადამიანებს „სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების“ შესაძლებლობა წაერთვათ.
ჯგუფმა, რომელიც ბულგარეთს, კანადას, ჩეხეთის რესპუბლიკას, ესტონეთს, ფინეთს, ირლანდიას, ლატვიას, ლიეტუვას, ნორვეგიას, პოლონეთს, რუმინეთს, შვედეთს, უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აერთიანებს, აღნიშნა, რომ ეთნიკურ ქართველებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების ფლობის უფლებები ეზღუდებათ.
მეგობართა ჯგუფმა მოუწოდა რუსეთს „აღმოფხვრას ნებისმიერი ის დაბრკოლება“, რომელიც ხელს უშლის ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის გარდაცვალებაში დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.
ჯგუფმა ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის თაობაზე პროგრამის დამტკიცება და მას „[ოკუპირებული] აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“ უწოდა.
ჯგუფმა კიდევ ერთხელ გამოხატა „ღრმა შეშფოთება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსული სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და მილიტარიზაციის ზრდის გამო“.
დააფიქსირა რა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, „მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და დაგმო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ, მეგობართა ჯგუფმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
ჯგუფმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობას. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისია, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული-სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად იფუნქციონირებს“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველო ეუთოს მინისტრთა საბჭოს განცხადებებში
- ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე: „რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებები საგანგაშოა“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)